ანდრია ჯაღმაიძე: შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება

29-08-2024 18:21:55 საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება.

მისივე თქმით, „რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული".

"პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის. [...] სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება. მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს“,- განაცხადა, "ინტერპრესნიუსი", ცნობით, ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პატრიარქს, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „პატრიარქის პოზიციის გარეშე, რა თქმა უნდა, სინოდის წევრები თავიანთ დასკვნას არ გააკეთებენ“.

მანამდე, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განმარტა, რომ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებას, რაც მიუღებელია ეკლესიისთვის".

  • "საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც გულისხმობს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამიტომ, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის", – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

ამავე თემაზე: პროტოპრესვიტერი: "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა და ეკლესიას იგივე პოზიცია აქვს, რაც მანამდე ჰქონდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები