
შამბა: აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა
02/09/2024 13:01:25 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს გაეროში გაწევრიანება სურს.
„უპირობოდ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არავის გაუუქმებია“, - თქვა მან რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში.
შამბამ თქვა, რომ „აფხაზებს უარყოფითი გამოცდილება აქვს“, როცა აშშ და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე ზეწოლას, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები“:
„ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ კონტაქტები, რომლებზეც დასავლეთის ქვეყენებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ ზეწოლა ამა თუ იმ ქვეყანაზე“.
მან იმედი გამოთქვა, რომ განჭვრეტად მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც „აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
იხილეთ ასევე: ომი კულისებში: ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?