ცქიტიშვილი: საქართველო პრაქტიკულად უარს ამბობს გერმანიასთან თანამშრომლობაზე

06-09-2024 16:22:28 კომენტარი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი გამოდის შეხსენებით, რომ გერმანია საპარლამენტო რესპუბლიკაა და საგარეო და საშინაო პოლიტიკას სწორედ რომ ბუნდესტაგი განაგებს.

შესაბამისად, დეპუტატებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, მით უფრო კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანაში და მათთან თანამშრომლობაზე უარის თქვა, ამ გავლენიან ევროპულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ნიშნავს.

"პროტოკოლურად, როდესაც უმაღლესი დონის შეხვედრაა მოთხოვნილი და არავინ მიდის, ეს ნიშნავს, რომ ზურგს აქცევ პროცესს, რისთვისაც ეს ხალხია ჩამოსული. დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შესაფასებლად და კონსულტაციებისთვის მთავრობასთან. შენ თუ ამაზე უარს ამბობ, უარს ამბობ იმ დღის წესრიგზე, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგს აქვს. გერმანია საპარლამენტო რესპუბლიკაა, ბუნდესტაგი განაგებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამდენად, პრაქტიკულად, გერმანიის ბუნდეგსტაგთან, გერმანიასთან - სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე აცხადებ უარს", - ამბობს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი.

ინფორმაციისთვის: გერმანიის ბუნდესტაგის მრავალპარტიული დელეგაცია სტუმრობდა - მასში შედიოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები: დებორა დიურინგი (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).

დღეს გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.

დეპუტატებმა თქვეს, რომ რამდენიმე დონეზე მოითხოვეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინმესთან შეხვედრა, თუმცა უარი მიიღეს.

„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის”, - თქვა დელეგაციის წევრმა ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP).

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "მიზანშეწონილად" არ მიიჩნია შეხვედრა "სხვადასხვა ფაქტორის" გათვალისინებით, თუმცა მხოლოდ ერთი ახსენა:

„მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება“, - თქვა კობახიძემ, თუმცა არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დელეგაცია მრავალპარტიული იყო და არა ერთპარტიული.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის "მოუცლელობას", სამხარაძემ აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში - იმერეთში ვიზიტით ახსნა. მოგვიანებით პაპუაშვილმაც არგუმენტად იგივე გარემოება დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა:

„თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში. ამ დელეგაციას იცით, რომ შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე. ესენი არიან ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები. ჩვენი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა, ასე რომ, მას ჰქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან საუბრის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები