მმართველი გუნდი ოპოზიციისგან პასუხს ელის
29/01/2020 13:32:10 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ „პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს“ და მხარეები, კერძოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას შევძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო შერეული მოდელით ჩატარდება, როგორც ეს არსებული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი გრძელდება.
მისი თქმით, „ხელისუფლებამ კომპრომისული შეთავაზება გააკეთა 100/ 50 მოდელზე და მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე.
თალაკვაძის განცხადებით, „ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე“ და ხელისუფლება ელოდება, რა იქნება მათი პასუხი.
„გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და ჩვენი შემხვედრი თანამშრომლობა იქნებოდა ის წერტილი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ კონსენსუსი შედგებოდა. ასევე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, ჩვენი შეთავაზების შემდეგ ოპოზიციის მიერ თავისი დესტრუქციული ქმედების გაგრძელებამ, ნაბიჯებმა, რაც მათ გადადგეს ჩვენი ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი არ არის მზად არანაირი თანამშრომლობისთვის. მათ რეალურად არ სურთ არც პროპორციული საარჩევნო სისტემა, არც პასუხისმგებლობის გადანაწილება. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა - მოძებნონ დესტაბილიზაციის გზა და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეცვალონ და სცადონ ძალაუფლების მოპოვება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზა, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. გარდა ამისა, შეთავაზების მიხედვით, უარი უნდა ითქვას იმ კონსტიტუციურ ჩანაწერზე, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
სადღეისოდ მოქმედი საარჩევნო სისტემით, 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი - მაჟორიტარული წესით. თავის მხრივ ოპოზიცია მმართველ გუნდს ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს.
იხილეთ ასევე: "ან წამოვლენ ჩვენს შემოთავაზებაზე, ან მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული"


