კრემლის პროპაგანდისტები "ოცნების" მთავრობას აქებენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს აძაგებენ

07-09-2024 13:21:05 პოლიტიკა

რუსული "გაზპრომის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტელეარხ ТНТ-ს ხელმძღვანელმა, კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა საქართქველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი გამონათქვამები მოუწონა და სალომე ზურაბიშვილს "საკუთარი სამშობლოს და ხალხის მოღალატე" უწოდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის კი - "ჯამბაზები".

ამის "დასამტკიცებლად" მან კრემლის ჩვეულ სადეზინფორმაციო პროპაგანდას მიჰყო ხელი, მათ შორის - იმ ყალბ ანტიდასავლურ ნარატივებს, რომელთა მსგავსიც ბოლო დროს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც ხშირად გვესმის.

ამასთან, კანდელაკმა, რომელმაც ჯერ - ქართულ, ხოლო შემდეგ უკვე რუსულ საზოგადოებაში არცთუ მაღალზნეობრივი პირადი ცხოვრებით, კარიერული ზრდის კუთხით კი "ყველაფერზე წამსვლელობითა" და მედროვეობით გაითქვა სახელი, დღეს ცდილობს, ქრისტიანული ფასეულობების თავგადაკლულ გულშემატკივრად გაასაღოს თავი და მოსკოვის ახლა უკვე აშკარა მხარდაჭერით მოსარგებლე "ქართული ოცნების" მთავრობა "ამ ფასეულობების გადარჩენისთვის მებრძოლად" წარმოაჩინოს, ხოლო კრემლისთვის მიუღებელი პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილი - "ვაშინგტონის დავალებით ქართველი ხალხის იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების განადგურების მოსურნედ".

"არსებობს პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების სამი არქეტიპი. არსებობენ სააკაშვილისა და ზელენსკის მსგავსი ჯამბაზი პრეზიდენტები, რომელთაც საკუთარი ქვეყნები წყდიადში შეჰყავთ. არსებობენ ნიჭიერი ადმინისტრატორი პრეზიდენტები - და ყველამ ვიცით მათი სახელები. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. თუ ხარ კონსერვატორი და პატრიოტი, ეს მშვენიერია, თუ ხარ ლიბერალი და პატრიოტი, ესეც მშვენიერია, მაგრამ ყველაზე უარესია, თუ საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ჩვეულებრივი მოღალატე ხარ. ამიტომაც როცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. რეალური პრეზიდენტი ყოველთვის საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის იბრძოლებს და არა ვაშინგტონელი კურატორების საამებლად! საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს რომ ოდნავი შემხებლობა მაინც ჰქონდეს ქართველ ხალხთან, არ ეცდებოდა მისთვის ქრისტიანული ფასეულობების წართმევას და მათ ნაცვლად დემოკრატიული ფასეულობების დამახინჯებული ვერსიის დაძალებას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირის მიერ მასში საქართვლოს გაწევრიანების სრული შეჩერების შესახებ, ვაშინგტონში გაისმა დაჟინებული სატელეფონო ზარი: რეკავდა ზურაბიშვილი, სურდა, მიეღო შემდგომი მოქმედების დირექტივები და გაერკვია, რატომ აღარ აძლევენ ფულს" - წერს კრემლის პროპაგანდისტი.

ანალოგიური სადეზინფორმაციო-პორპაგანდისტული ნარატივები, ოღონდ არა ამდენად იაფფასიანი ფორმით, 6 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გაახმოვანა.

იხილეთ ასევე: ზურაბიშვილი: შევახსენებ ლავროვს, ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას, არსად დაკარგულა

ცნობისთვის: 4 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი "არა საქართველოს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები