09-09-2024 12:46:56 კონფლიქტები
რუსული პროპაგანდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას თბილისსა და სოხუმში ერთდროულად აგრძელებს.
თბილისში კრემლს ამაში ხელს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი უწყობს, ხოლო აფხაზეთში, სადაც მოსკოვმა თავისი დრაკონული კანონის ანალოგის მიღებას ამ დრომდე ვერ მიაღწია, მოსახლეობას ოკუპირებული რეგიონის დაფინანსების შეწყვეტით სჯიან, ურჩ დე-ფაქტო დეპუტატებს - რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით და ამავდროულად, თბილისის მსგავსად, აგრძელებენ გამალებულ ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდას რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ პროტესტით განწყობილი მოქალაქეების "დასავლეთის მიერ მართულად" წარმოსაჩენად.
იხილეთ ასევე: ნონა ქურდოვანიძე: სახელმწიფოს განზრახული აქვს, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის
რუსულ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ირწმუნება, რომ "დასავლეთის მიერ მართული არასამთავრობო სექტორი აფხაზეთის ახალგაზრდობის კულტურული კოდის შეცვლას ცდილობს, უბიძგებს რა, რუსეთს ზურგი აქციოს და აშშ-ისკენ შეტრიალდეს".
"ეს ყველაფერი აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგაიზაციების ხელით კეთდება. ასეთი ორგანიზაცია რესპუბლიკაში ათასობითაა. ისინი ისეთს სჩადიან, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელია. ამასთან, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ USAID-ს საკუთარ საიტზევე, დოკუმენტებშივე უწერია, რომ მიზანი აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაცია და კრემლის დამაზიანებელი გავლენის ნეიტრალიზაცია... "დამაზიანებელ" გავლენაში, როგორც ჩანს, იგულისხმება ჩვენი ფული, რომლითაც წლების განმავლობაში ფინანსდებოდნენ ადგილობრივი ექიმები, მასწავლებლები, პენსიონერები, ასევე ინვესტიციები და ა.შ... აი, ასე ცდილობენ აფხაზების ახალი თაობის კულტურული კოდის შეცვლას. ის საცოდავი პრეზიდენტი [ასლან ბჟანია - რედ.] ამ ყველაფერთან ბრძოლას ცდილობს, მაგრამ ყოვლისშემძლე მეფე არაა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ არასამთავრობო სექტორის თანამშრომლების უმრავლესობას ამავდროულად რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია და აი, ამ პირობებში აკეთებს ყველაფერს, რომ აფხაზურმა ახალგაზრდობამ რუსეთს ზურგი აქციოს" - განაცხადა სიმონიანმა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი - ვლადიმირ სოლოვიოვი, რომლის სატელევიზიო გადაცემაშიც ისაუბრა სიმონიანმა, ჯერ გამოვიდა ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რუსული კანონების მიღების მოწინააღმდეგე "ურჩი" აფხაზი დეპუტატების მსგავსად, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მერე კი საერთოდაც, მათი დაპატიმრების იდეა გააჟღერა.
"ციხეში გაშვება უკეთესი გარანტია იქნება, რადგან მოქალაქეობის ჩამორთმევა მათ არ წაართმევს შესაძლებლობას, აფხაზეთში დარჩნენ და საქმიანობაც გააგრძელონ", — განმარტა მან.
იხილეთ ასევე: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ