მოსკოვი "ოცნების" მხარდაჭერას აღარ მალავს და მის მსგავსად, დასავლეთს "გადატრიალების მზადებაში" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

11-09-2024 14:02:06 პოლიტიკა

მოსკოვი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი სახელისუფლებო გუნდის გამარჯვების სურვილს აღარ მალავს და უკვე მერამდენედ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს აშშ-ს "არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს".

იხილეთ ასევე: "დასავლეთი საქართველოში მაიდანს ამზადებს" - მოსკოვი და "ოცნება" კვლავ ერთი ენით გვესაუბრებიან

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) ამ თემაზე მორიგი მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, "ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს, ქართულ არჩევნებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დახმარებით ჩაერის". მტკიცებულებად თავად СВР-ის მიერ "მოპოვებული ინფორმაცია" სახელდება.

"რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, აამოქმედოს საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ახალი ინსტრუმენტი ვაშინგტონისთვის მიუღებელი "ქართული ოცნების" გამარჯვების ჩასაშლელად. ამერიკელები ამ მიზნით ამჯერად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მოელაპარაკნენ, რომელიც კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ მოხსენებას საქართველოში თავისუფალი და სამართლანი არჩევნების ჩასატარებლად პირობების ვითომდა არარსებობის თაობაზე. ხოლო არჩევნების პირველადი შემდეგების გამოცხადების შემდეგ ბიურო გამოაქვეყნებს დასკვნას ელექტორალური პროცესის დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ. ვაშინგტონის ჩანაფიქრი ნათელია და აღარ გვაკვირვებს: პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას უნდა მიეცეს საბაბი მასობრივი საპროტესტო აქციების წამოსაწყებად ძალაუფლების ხელში ძალისმიერი გზით ჩაგდების საბოლოო მიზნით. ხსენებული ბიურო ამერიკული ხელისუფლების მუხთლური თამაშების ერთ-ერთ იარაღადაა ქცეული, რაც კიდევ ერთხელ ამართლებს რუსეთის მიერ ეუთო-ს დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას"- ნათქვამია მოხსენებაში.

იხილეთ ასევე: "მეორე ფრონტის" შესახებ "ოცნების" ანტიდასავლურ ნარატივს ამჯერად ნარიშკინი აჟღერებს

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური რიტორიკა გაისმის "ქართული ოცნების ლიდერშიფის მხრიდანაც. კერძოდ, ახლახანს პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი კობახიძე აცხადებდნენ, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო სექტორი "უკვე ორჯერ ეცადა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას" და რომ "რევოლუციურ სცენარებს აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი უწყობდა ხელს". ამასთან, მმართველი გუნდი მხარდამჭერებისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის უზრუნველყოფას მოითხოვს, რის შემდეგაც ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტებისა და "დასავლეთის მიერ დაფინანსებული სხვა აგენტურის" "განადგურებას აანონსებს. არადა, თავად "ოცნების" მიერ დაკვეთილის გარდა, ყველა სხვა კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ გუნდს, მთელი სახელისუფებო რესურსის გამოყენების მიუხედავად, ამჯერად არათუ საკონსტიტუციოს, მარტივი უმრავლესობის მოპოვების შანსიც კი არ აქვს.

ვაშინგტონი "ოცნების" ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. როგორც თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, ამერიკის მხრიდან საქართველოში გადატრიალების მოწყობის მცდელობებზე საუბარი სრული სიცრუეა.

ქართულ ოპოზიციაში კი მოსკოვისა "ოცნების" ნარატივების მსგავსების ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და თვლიან, რომ ეს თავად მოსკოვის მხრიდან ქართულ არჩევნებში ჩარევის ტრადიციულ მცდელობაზე და კრემლის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე მეტყველებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები