
"აღიარეთ სამხრეთ ოსეთი, დაგვიბრუნეთ სხვა ტერიტორიები! უარი თქვით კოლექტიურ დასავლეთზე!" - კოკოითის პასუხი ივანიშვილს
17/09/2024 07:42:08 კონფლიქტები
საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და საარჩევნო სიის პირველი ნომრის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის "ბოდიშსა" და "დანაშაულის აღიარებას" აფხაზეთის მსგავსად, აქტიურად განიხილავენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მეორე ქართულ რეგიონში - სამაჩაბლოშიც.
ვრცელი პუბლიკაციით გამოეხმაურა ივანიშვილის სკანდალურ წინასაარჩევნო ინიციატივას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პერიოდში ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელმაც საქართველოს ფაქტობრივ მმართველს "გამბედაობა" და წინა ხელისუფლების გასამართლების იდეა მოუწონა, თუმცა იქვე დასვა კითხვა, "რატომ მიდის საუბარი მხოლოდ 2008 წლის მოვლენებზე?".
"ჩვენ მშვენივრად ვიცით და პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას, არ დაგვვიწყებია 1920 წლის გენოციდი, ოსური ინტელიგენციისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განადგურება, ჟორდანიას, გამსახურდიასა და მათი მიმდევრების შოვინიზმი. თუ ჩვენი წინაპრები თავის დროზე ქართველი ხელმძღვანელების ასეთივე ტკბილ სიტყვებს ენდნენ, ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ და კატეგორიულად არ ვაპირებთ პატიებას! ივანიშვილის მცდელობა, ყველაფერი სააკაშვილსა და აშშ-ს დააბრალოს ძალზე არაშორსმჭვრეტელურია. პასუხისმგებელია მთელი საქართველო, რომელმაც საკუთარი დამოუკიდებლობა დათმო და აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა" - წერს კოკოითი თავის ტელეგრამ-არხში.
ამასთანავე, ოსი სეპარატისტების ექს-ლიდერს "ცალკეული სუბიექტების" რეაქცია აშფოთებს, ივანიშვილის ხელისუფლების მსგავსად, მოსკოვის საამებლად ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის "დასავლეთის მიერ მართულად" წარმოჩენას ცდილობს და ამავდროულად, ავითარებს ნარატივს თავად ივანიშვილის მიერ მათი დაფინანსების თაობაზე:
"მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს, მომავალს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და არ აჰყვნენ ივანიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთში დაფინანსებულ რიგ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს. მივმართავ ოს ძმებს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში: იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, რათა 1920, 1990-იანი და 2008 წლების ტრაგედიები არ განმეორდეს, რათა ჩვენს შვლებსა და შვილიშვილებს აღარ დაუდგეთ მსგავსი ტრაგიკული გამოცდა და კვლავ არ მოუწიოთ სიცოცხლის უფლების დაცვა იარაღით ხელში. მიმდინარე საშემოდგომო პოლიტიკური სეზონი იქნება ძალზე საპასუხისმგებლო და დაძაბული. და საქმე აქ მარტო მეზობელ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში არაა, ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა - ოსეთში ქართული სპეცსამსახურების მძინარე ერთეულები გააქტიურდებიან. ივანიშვილის განცხადებები უპირველესად, სიგნალია ჩვენი შიდა მტრებისათვის, მეხუთე კოლონისთვის, რომელსაც ის თავადვე აფინანსებს. ისინი როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედებენ, როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ისე საზოგადოერივ ორგანიზაციებში არიან ჩანერგილები, მათ ნათესავებსა და სხვა შუამავლებს საქართველოში საბანკო ანგარიშები გააჩნიათ და აბსოლუტურად არ ადარდებთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ბედი, რადგან მათთვის სამშობლო არის იქ, სადაც დიდი ფულია და არა ღირსება და ეროვნული სიამაყე. მათ ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცეს თავისი კავშირებით არა მარტო ივანიშვილთან, არამედ სააკაშვილის გუნდთანაც, საქართველოში სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან".
დასასრულს კოკოითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით რეალურად განიმსჭვალა, მაშინ უპირველესად, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს", ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს მოაწეროს ხელი და "ოსეთისთვის სხვა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი განიხილოს".
ამასთანავე, სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი წერს, რომ "ქართველებთან მშვიდობა აუცილებლად რუსეთის პირობებს უნდა დაეფუძნოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებმა ვეღარასოდეს დააყენონ საფრთხის ქვეშ რეგიონული სტაბილურობა არარეგიონული სახელმწიფოებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესში" - ანუ, საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე ფიქრიც დაივიწყოს და რუსეთს დაექვემდებაროს:
"ჩვენ მზად ვართ თანასწორი და სამართლიანი დიალოგისთვის ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნებია, რომელთა სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის საიმედო ფორპოსტად, რუსეთის მყარ საყრდენად უნდა იქცეს. სხვა გზები ჩვენი ხალხებისთვის მიუღებელია" - დასძენს კოკოითი.