20-09-2024 14:05:46 პოლიტიკა ,კომენტარი
მიუხედავად „ჩაშლილად“ თუ „ამ ეტაპზე დასრულებულად“ გამოცხადებული მოლაპარაკებებისა ორ საარჩევნო სუბიექტს - „საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის, პოლიტიკის კომენტატორებს პარალელურად გაკეთებული კომენტარების პათოსი, პრეზიდენტის დუმილი (რომელიც ერთგვარ მედიატორად მოგვევლინა პოლიტიკოსებს შორის) და 2024 წლის არჩევნების განსაკუთრებული სპეციფიკა უნარჩუნებს ოპტიმიზმს დიალოგის გაგრძელების რესურსის არსებობის თაობაზე. იმავდროულად, თუ Edison Research-ის კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ (ამ ეტაპზე ერთადერთია საკითხის ირგვლივ), როგორც ჩანს ინტერესი ამ შესაძლო გაერთიანების მიმართ ამომრჩეველშიც არსებობს. კერძოდ, კვლევის მიხედვით, რომლის ჩატარების თარიღად 1-15 სექტემბერია მითითებული, თუ „ძლიერი საქართველო“:“ ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“ - 9,3%-იან მხარდაჭერას აგროვებს და „გახარია - საქართველოსთვის“ - 10,5%-ს, ამ ორი სუბიექტის ანლიანსს გამოკითხული მოქალაქეების 25% იწონებს.
„იყო და არის მოლოდინი ამ ალიანსის მიმართ. გაცილებით მეტს მიიღებენ - აქვთ რესურსი, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში“,- ეუბნება „აქცენტს“ თემის კომენტირებისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე დაკვირვების არც თუ ხანმოკლე გამოცდილება აქვს.
ინტერესით ელის საბოლოო შედეგებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილიც:
„მიუხედავად იმისა, რომ ილუზიები შესაძლოა, არც ერთის მიმართ არ ჰქონდეს ადამიანს, „ოცნების“ (ისინი საით მიაქანებენ ქვეყანას, ვხედავთ) სერიოზული საპირწონეა საჭირო! „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ კავშირი აუცილებელია, მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სერიოზული საპირწონე პოლიტიკური ძალა და ამან შესაძლოა საერთოდაც იმპულსი მისცეს ინტეგრაციულ პროცესებს ამ დაქსაქსულ ოპოიზიციაში.
ეს იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ როგორც ყოველთვის პოლიტიკაში, გამოვდივართ უმცირესი ბოროტების და უცირესი შეცდომის პრინციპიდან. ახლა ამათ შეუძლიათ, შეაჩეროს ის საშინელება, რაც ხდება. უნდა დაძლიონ საკუთარ თავში ის თავკერძობა, ნარცისიზმი, რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს!“
„სამწუხაროა, რომ ეს ალიანსი ჯერ-ჯერობით ვერ შედგა, თუმცა თუ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებსაც აკეთებენ მხარეები და ამას დავუმატებთ პრეზიდენტის დუმილს, მგონია, რომ არის მიზერული, მაგრამ მაინც შანსი, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება“,- უზიარებს საკუთარ განწყობას „აქცენტს“ ძაბირაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ
„როგორც თავად ამბობენ, თუ რეალურად აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, თუ იმას გულწრფელად ფიქრობენ, რასაც ლაპარაკობენ, მაშინ ყოველგვარი წინააღმდეგობა უნდა დაძლიონ და შეთანხმდნენ ორ ფუნდამენტურ რამეზე - დღეს ქვეყანას ორი მთავარი პრობლემა აქვს და თუ ეს ვერ გადაიჭრა, ყველა დანარჩენი პრობლემა გადაუჭრელი დარჩება:
ეს გარემოებაა გასაცნობიერებელი,- გამოდის მოწოდებით ძაბირაძე და განაგრძობს, „სწორედ ამიტომ, პარტიული თუ პირადი ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს. თუ ეს პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ, ვიმეორებ, ვერც ერთ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ, გამორიცხულია! ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, მშვიდობა ამ ორ ძირითად პრინციპზეა დღეს ჩამოკიდებული“.
აქვე ძაბირაძე აღნიშნავს, რომ არ ჰქონია ადეკვატური შეფასება, მხარეები ვერ აცნობიერებდნენ საფრთხეების მასშტაბს, „აქედან გამომდინარე, იძულებული ვხედბით, ვეძებოთ სხვა ვერსიები, რისი გაკეთებაც ახლა ნამდვილად არ მსურს“.
იმავდროულად, თუ ეს გაერთიანება საბოლოოდ ვერ შედგა, ის იხსენებს, რომ არის პროცესის ნეიტრალური დამკვირვებელი პრეზიდენტის სახით და არსებობს, როგორც მამუკა ხაზარაძემ მიუთითა, დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერას გეგმავდა.
„პრეზიდენტმა განცხადება უნდა გააკეთოს და ეს დოკუმენტიც უნდა გამოქვეყნდეს! ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ ვითარებაში ვინ რაზე და რატომ იყო წამსვლელი, რადგან არჩევნების შედეგები სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული“.
ძაბირაძე პოლიტიკოსებს ასევე შეახსენებს, რომ არა მხოლოდ თავად დგამენ კომპრომისულ ნაბიჯს დიალოგის პროცესში და რომ შესაძლოა, ამომრჩეველსაც ჰქონდეს კითხვები და მიუხედავად ამისა, ვითარების გათვალისწინებით, საარჩევნო ურნასთან კომპრომისულად აფიქსირებდეს თავის პოლიტიკურ არჩევანს:
„მეტიც, დღეს ქართულ პოლიტიკაში ანგელოზები არ არიან. ზნეობრივ-მორალური თვალსაზრისით რა და როგორ ხდება, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და იქედან ილაპარაკოს! სამწუხაროდ, ზნეობრიობის კვარცხლბეკზე დღეს არავინ დგას საქართველოში - არც პოლიტიკოსი, არც საზოგადო მოღვაწე, არც შემოქმედებითი ინტელიგენცია, არც ექსპერტი და ჟურნალისტი! ამიტომ, მიკრონების ძიებას თავი უნდა დავანებოთ და ქვეყნისთვის რაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი (მგონია, რომ ეს ორი თემაა გადამწყვეტი, თუ როგორ გააგრძელებს ქართული სახელმწიფოებრიობა არსებობას), ის დგას წინა პლანზე! მომავალზე თანხმობაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი! წარსულზე საუბარი, სადაც თვალ-მარგალიტი არ იმალება, ცოტა ხანს გვერდზე უნდა გადავდოთ. შემდეგ დაგვიანებული იქენბა!“.