25-09-2024 17:26:43 ეს საინტერესოა ,ანალიზი
იმის გათვალისწინებით, თუ რა დევს სასწორზე, სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან პრობლემაზე რეაგირებას, რომელზეც მედია და საკითხით დაინტერესებული ადამიანები დიდი ხანია, საუბრობენ, არასათანადოდ მიიჩნევენ. საუბარია „რაიდტექ ჯორჯიას“ (საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით) მიერ პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთისთვის გადაცემაზე, რისთვისაც კომპანია 4 000 ლარით დაჯარიმდა.
მნიშვნელოვანი: განკარგულების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) აძლევს დისტანციურ წვდომას ტაქსის პროვაიდერების მონაცემთა ბაზებზე, ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი.
რუსული კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ბრალდებას არ აღიარებს, იწყებს სასამართლო დავას და რაც მთავარია, შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას, ანუ კვლავ არსებობს პერსონალური მონაცემების მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის გადაცემის საფრთხე, რაც, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რუს სპეცსამსახურებს მთელი რიგი ცნობების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის: მოქალაქეების საბანკო რეკვიზიტების, საკომუნიკაციო არხების, საცხოვრებელი მისამართების, დასაქმების ადგილების, ჩვევების, მსყიდველუნარიანობის, ადგილსამყოფელის. მსგავსი ზუსტი და დეტალური მონაცემების გაანალიზება კი სპეცსამსახურებს აძლევს მსუყე რესურსს, დაგეგმონ და განახორციელონ კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების პროფილირება და შესაბამისად დაგეგმონ მათზე მორგებული ღონისძიებები.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას The Insider-ის მიერ მოპოვებული მიმოწერა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასავლეთთან "საინფორმაციო ომზე". მასში ისინი პრაქტიკულად განიხილავენ უკრაინაში და მის მხარდამჭერ დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმას.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იგდეს ხელთ, „დასავლური საზოგადოებისთვის მტკივნეული“ თემები (მათ შორის, არალეგალური მიგრაცია, ინფლაცია, ლტოლვილების შემოდინება უკრაინიდან) უნდა გავრცელებულიყო როგორც სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ პლატფორმების, ასევე არსებული სოციალური ქსელების და მესინჯერების მეშვეობით და ყალბი „რადიკალი უკრაინული და ევროპული ძალების“ სახელით. ეს, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თვლიდა, შესაძლებელს გახდიდა "რუსეთთან ნებისმიერი კავშირის გამორიცხვას“ და „გაავრცელებდა თითქმის ნებისმიერ თეზისს, ყველაზე მემარცხენე იდეებს, წამოაყენებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხასიათის მოთხოვნებდ სრულ აბსურდამდე“. შემდგომში რუსული დაზვერვის თანამშრომლები გეგმავდნენ ქუჩის საპროტესტო აქციების მოწყობას, რომლის მონაწილეებისთვის, მიმოწერის მიხედვით, ფულის გადახდას აპირებდნენ. „პროტესტში მონაწილეობის ღირებულება 100 ევროა. აქციის ხანგრძლივობა – 1 საათი. ამ პერიოდში ხდება ფოტო და ვიდეო გადაღება მედიაში შემდგომი გავრცელებისთვის “, - ნათქვამია გეგმაში.
ამ ყველაფერს მიმოწერაში ჰქვია „მუშაობა მმართველ ელიტებს შორის შიდა წინააღმდეგობების გაღრმავებაზე, ანტისამთავრობო პროტესტის ესკალაციაზე და ამომრჩეველთა ამორფული ნაწილის შერყევაზე“, რომელიც „მიზნად ისახავს ფსიქო-ემოციურ ზემოქმედებას, რის შედეგადაც სუბიექტი სიგიჟის ზღვარზეა იმის გამო, რომ მისთვის ნაცნობი სამყაროს სურათი სწრაფი ტემპით იშლება მის თვალწინ“.
„მომავლისადმი შიშის გაღვივება, გაურკვევლობა, მომავლის გეგმების შედგენის შეუძლებლობა, ბავშვებისა და მომავალი თაობების ბედის გაურკვევლობა ინდივიდის ქვეცნობიერს პანიკაში აგდებს, აშინებს და მომავალში გამოიწვევს ესკალაციას, საპროტესტო აქტივობას და სხვა უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია გეგმაში. ამავდროულად, ცალკე ხაზგასმულია, რომ მისი განხორციელების მიზნით „უგულებელყოფილი უნდა იყოს მორალური და ზნეობრივი მოსაზრებები“.
რთული სათქმელია, დასავლეთში მიმდინარე რუსული „ჰიბრიდული ომი“ ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა მთელი რიგი მსგავსი სულისკვეთების აქტივობები, რომელთა უაკანაც რუსეთთან კავშირში მყოფი პირები გამოავლინეს.
სწორედ ამის გათვალისწინებით უსვამს ხაზს ლევან მოლაშვილი - ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, რომ „სრული ინფორმაციის გაცემა ოკუპაციის ტოლფასია“:
„დღეს ინფორმაცია ყველაზე დიდი რესურსია. შეგვიძლია კიდეც დავაკვირდეთ, როგორ აფინანსებს სახელმწიფო [რუსეთი] თუნდაც წარუმატებელ პროექტებს სწორეც ამ მიზნით“.
ინფორმაციას ძალიან საგანგაშოს და იმავდროულად, არახალს უწოდებს - „აქცენტთან“ უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი საქმიანობის გამოცდილების მქონე კახაბერ ქემოკლიძე და იხსენებს, რომ ქვეყნებში, სადაც რუსული ტაქსოპარკების კომპანია ფუნქციონირებდა, დაფიქსირდა ათეულობით მილიონი ადამიანის პერსონალური მონაცემების რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გაზიარების შემთხვევები.
„ეს ქმნის უსაფრთხოების ოპერატიულ რისკებს და ცხადია, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის ქვეშ განსახილველი, შესასწავლი და გამოსაძიებელი საქმე. აქ აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი (ე.წ. ოტო) - მან უნდა დაადგინოს, რა ტექნიკური „ხვრელებით“ ხდებოდა ამ მონაცემების გაზიარება უცხო ქვეყნისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციისთვის. ამავდროულად, ეს საქმე შეიცავს კონტრსადაზვერვით რისკებსაც:
ამ კონტექსტში იხსენებს დასავლურ პრაქტიკას - „კასპერსკის“ ცნობილ „ქეისს“ - რუსეთში დამზადებული, თუმცა მსოფლიო ბრენდად ქცეული ანტივისუსული პროგრამა, რომელიც ამერიკის ბაზარზე შევიდა, მოიპოვა მსხვილი კონტაქტებიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფარავდა სწორედ იმგვარ ფარულ უზრუნველყოფას, რომელიც ტექნიკურ მოწყობილობებს აპროგრამებდა მოსასმენ აპარატურად. აშშ-ს ამკრძალავი ზომების მიღება მოუხდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთვის უცნობია, რა ოდენობის პერსონალური მონაცემის გადაცემაზეა საუბარი და არიან თუ არა მათ შორის მაგალითად, ქართველი სამხედროები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, პოლიტიკოსები და ა.შ.
ქემოკლიძე გვიზიარებს, რომ უსაფრთხოების სისტემაში არსებობს ცნება, „მიზნის პროფილიზირება“, რომლის ერთ-ერთი პარაგრაფიც სწორედ გადაადგილების მარშრუტების და ე.წ. „ჩვევების“ შესახებ ცნობების მიღებაა, შემდეგ უკვე „ჭკვიანი“ პროგრამა, რომელიც სადღეისოდ უკვე ხელოვნურ ინტელექტზე ეწყობა, ადგენს „პატერნებს“.
„სხვათა შორის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე როდესაც რუსეთის ФСБ-ს მეხუთე დირექტორატს დავალებული ჰქონდა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განეიტრალება, ჩათვალეთ, რომ მონაცემები მათ წინმსწრებად ჰქონდათ, რომელიც ასევე გაჯერებული იყო ადგილზე არსებული ოპერატიული ინფორმაციით - დადგენილი ჰქონდათ სახლების ზუსტი ადგილმდებარეობები, სამეზობლოები, გადაადგილების მარშრუტები - ვინ როგორ უნდა განეიტრალებულიყო იმისთვის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულად გასულიყო მანდატიდან ხელოვნური ძალისხმევით“.
დასავლური პრაქტიკიდან ასევე იხსენებს Yandex-ის მსგავს ირანულ პროგრამას, რომელიც ირანის სპეცსამსახურებმა სპარსულ ენაზე შექმნეს სპეციალურად, რათა მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო განსაკუთრებით, დასავლეთში მცხოვრები ირანელი დისიდენტებისთვის და რომელიც შვედეთის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს რამდენიმე ხმაურიანი ოპერაციის ჩატარების შემდეგ.
„ირანელები ამ პროგრამას ეფექტურად იყენებდნენ შვედეთში, სადაც ცხოვრობს ირანის ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულად განყობილი დისიდენტების საზოგადოება. ამ პროგრამით ახორციელებდნენ მათზე ოპერატიულ დაკვირვებას საცხოვრებელი მისამართების, გადაადგილების და აშ. შესწავლის მიზნით“.
ამრიგად, არსებული ცნობები დღეის მოცემულობით უკვე არის ოპერატიული რისკი, რომელიც სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს. აქ საუბარია არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე, ოპონენტებზე, არამედ აბსოლუტურად ყველა რგოლზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ადამიანებზე, მათ პირად ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იყოს დახურული და დაცული - ხაზს უსვამს ქემოკლიძე.
„აქცენტი“ შეეცადა, გაერკვია, გეგმავს თუ არა რისკების გათვალისწინებით ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფო, დაინტერესდა თუ არა საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.