მოსკოვი და ცხინვალი "სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებაზე" მუშაობენ
27/09/2024 12:00:50 კონფლიქტები
სანამ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა თავისი განცხადებებით კონფლიქტებში აგრესორი რუსეთის როლის ნიველირებას ცდილობს, ამავდროულად ქვეყნის მოსახლეობას აბრუებს წინასაარჩევნოდ ნარატივით "ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის" თაობაზე და ვითომდა მსგავსი შემთხვევისთვის "საკანონმდებლო დონეზე მზაობის უზრუნველსაყოფად" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოითხოვს, მოსკოვი და ცხინვალი "სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებაზე" მუშაობენ.
ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალში "რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის" მე-10 სხდომა ჩატარდა.
"24-26 სექტემბერს ერთობლივმა კომისიამ განაგრძო მუშაობა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივ გაფორმებაზე. შეხვედრაm კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთებით ჩაიარა. ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომის თარიღი და ადგილი მხარეებს შორის დიპლომატიური არხებით შეთანხმდება" - იუწყება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
იხილეთ ასევე: მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დასრულებიდან მალევე აღიარა. მას შემდეგ დღემდე კრემლის ეს ნაბიჯი მხოლოდ რუსეთის 4-მა სატელიტმა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, სირიამ და კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ გაიზიარეს.
არაღიარების ეს წარმატებული პოლიტიკა დიდწილად საქართველოს დასავლელი პარტნიორების, უპირველესად აშშ-ის დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში ბევრს მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ამ მიმართულებით.
მოსკოვი თბილისს წლებია, მოუწოდებს, "დაიწყოს ერთობლივი მუშაობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრეის დემარკაცია-დელიმიტაციაზე".