30-09-2024 18:04:16 ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნების პერიოდში წამოიწყო კამპანია „გარეჯი საქართველოა“, პროკურატურამ საბრალდებო დასკვნებიც წარმოადგინა, რომელსაც მედიამ „კარტოგრაფების საქმე“ უწოდა, ხოლო პროცესი დამკვირვებლებმა იმთავითვე შეაფასეს საარჩევნოდ „პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებად“. კამპანიამ ამომრჩეველთა ნაწილში მაშინ ალბათ გააჩინა ისტორიულ ძეგლთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილებების მოლოდინი, თუმცა საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია. მეტიც, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამასწინათ გაიხსენა, რომ კამპანიას სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ სულაც არ უმუშავია. კერძოდ, მან თქვა: „ძალიან კარგად მახსოვს (სამწუხაროდ და ჩემდა საუბედუროდ, მე ამის ნაწილი ვიყავი) რა ხდებოდა „გარეჯი საქართველოას“ კამპანიის დროს. [...] არავის არ ახსოვს „გარეჯი საქართველოას“ შედეგი რა დადგა! მინდა იცოდეთ, რომ ამ კამპანიის შედეგი დადგა, რომ ზუსტად გარეჯიდან დაახლოებით 500 მეტრში უზარმაზარი სამხედრო ბაზა აშენდა მეორე მხრიდან, სხვა არაფრის გამო. რაც შემეძლო, მაშინ ამ კამპანიის წინააღმდეგი ვიყავი და ღიადაც ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. მერწმუნეთ, მე და კიდევ რამდენიმე ჩემი თანამოაზრე იქ რომ არ ყოფილიყო, ეს კამპანია კიდევ უფრო შორს წავიდოდა, კიდევ მეტ უბედურებას და ზიანს მოიტანდა ქვეყნისთვის“.
ბევრს სწორედ ამ კამპანიას ახსენებს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებული ტერიტირიული მთლიანობის თემა და ამ კონტექსტში შემუშავებული ნარატივები, რომელიც რუსეთს ხსნის აგრესორის სტატუსს და ნაცვლად ამისა, ბრალდების სიმძიმე მსხვერპლზე - საქართველოზე გადააქვს. ამ მიდგომის შესაძლო მიზნებზე, შესაძლო პერსპექტივაზე, პირად დამოკიდებულებაზე (რომელიც უჩვეულოდ ემოციური აღმოჩნდა) ესაუბრა „აქცენტი“ გადამდგარ გენერალ–მაიორს, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძეს, რომელსაც საქართველოს მიერ გადატანილ ყველა ომთან ამა თუ იმ ფორმით ჰქონდა შემხებლობა - იყო უშუალო მონაწილე, ან ეკავა ოფიციალური თანამდებობა, შესაბამისად, მისი მეხსიერება მრავალ ფაქტს იტევს.
- ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნების “მიერ შემოთავაზებულ ნარატივს, რომელიც აქრობს რუსეთს, როგორც ფაქტორს და აგრესორს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების კონტექსტში, როგორ აღიქვამთ თქვენ, ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ოფიციალურ პოზიციებზე იმყოფებოდით დაწყებული 90-იანი წლებიდან, როგორც კონფლიქტების მიმართულებით რაღაც გარღვევის მცდელობას თუ ვიწროპარტიული ინტერესებით წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას?
- იცით, რომ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს თავს ვარიდებ, მაგრამ როგორც ვხედავ, საკითხს რამდენიმე შემადგენელი აქვს: მორალური, სამხედრო - პოლიტიკური, დიპლომატიური... თუკი ეს არის მცდელობა, რაღაცნაირად დალაგდეს ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონებთან და იქ მაცხოვრებლებთან ან გადაწყდეს პრობლემა, ვფიქრობ, ეს არასწორი ნაბიჯებია. მორალური თვალსაზრისით კი ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი მხოლოდ იმ დაღუპულ ბიჭებთან, რომლებიც ვერ გადმოვასვენეთ აფხაზეთიდან; ბოდიში აქვს მოსახდელი 2008 წლის სამხედრო ხელმძღვანელობას საქართველოს მოსახლეობისთვის სამხედრო ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის (აქ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია).
- ამ შემთხვევაში თქვენ არ საუბრობთ „ვინ დაიწყო ომზე“ და „მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“...
- რა საკვირველია, არა. ომის დაწყება, პროვოკაციები, გასროლა ... სხვა საკითხია. გარდა ამისა, ვინაიდან უშუალოდ არ ვმონაწილეობდი 2008 წლის ომში, ამ შემთხვევაში ვისაუბრებ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე - საწყის პერიოდზე. ჯერ ერთი, არანაირად არ ვეთანხმები იმ შემოთავაზებას, რომ ჭირისუფალს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, "დამნაშავეები" დავსაჯოთ და ა.შ. ჭირისუფალს უსამძიმრებენ, ბოდიშს არ უხდიან. როდესაც აფხაზეთზე და ცხინვალზეა საუბარი, შეიძლება ერთობლივად გაიზიარო, რომ ეს იყო მტკივნეული როგორც მათთვის, ისევე ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი! რატომ მაქვს მე ბოდიში მოსახდელი - 1989 წლის 9 აპრილი რომ მოხდა სუფრები რომ გაშალეს ამისთვის, თუ სოხუმის ქუჩებში ქართველების სისხლი რომ დაღვარეს?! თვითონ რაზე მოიხადეს ბოდიში? ბოდიში ცალმხრივად იმიტომ ვიხადო, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვას ვცდილობდით?! ბოდიში გვაქვს ქართველი ხალხისთვის მოსახდელი, რადგან ვერ დავიცავით ისე, როგორც საჭირო იყო, სამწუხაროდ!
- აქედან გამომდინარე ამბობთ, რომ ამ გზას მართებულად არ მიიჩნევთ?
- შედეგს ხომ ვხედავთ?! გავაკეთეთ განცხადება და რა მივიღეთ საპასუხოდ? დაცივნა?! ამ ვითარებების შემდეგ მე ვერ ვიტყვი (ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა) „აფხაზები და ოსები ჩემი ძმები არიანო“ და ა.შ. მაგრამ მე უნდა ვისწავლო მათთან თანაცხოვრება - მე ამისთვის მზად ვარ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, დავუთმო, სხვა „ქვეყნად“ მოვიხსენიო და „საზღვრის“ მეორე მხრიდან ველაპარაკო! აი, როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, მზად ვარ, მათთან ერთად ცხოვრება შევძლო, მათთვის ბევრი რამის პატიება ვცადო, მაგრამ არა ბოდიშები ვიხადო!
- ამ კონტექსტში საინტერესო იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც პრინციპულ სიახლეებს არ შეიცავდა: „რესპუბლიკებად“ მოიხსენია საქართველოს რეგიონები და ერთგვარ მედიატორად წარმოგვიდგინა თავი. თუმცა თბილისიდან მიესალმნენ და „რიტორიკის ცვლილებად“ შემოგვთავაზეს....
- სიმართლე გითხრათ, დიდი აღფრთოვანება ვერ შევამჩნიე რეაქციებში, ზოგადი განცხადებები იყო. მაგრამ რას ვხედავთ მეორე მხრიდან? აფხაზები ალბათ კომპენსაციას და ა.შ. მოითხოვენ, თითქოს 300 000 ქართველი არაა დევნილად ქცეული და მათ სახლებში ახლა აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელები არ ცხოვრებენ! რაიმე შემხვედრი მოვისმინეთ გარდა იმისა, რომ ოსები თრუსოს და გუდაურს ითხოვენ და ალბათ მალე ბაკურიანსაც მოითხოვენ?!
არის კატეგორია ხალხის, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, რომელიც მხოლოდ ძალას აღიარებს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა დაწყებული რუსეთიდან, დამთავრებული მისი სატელიტებით აფხაზეთსა და ცხინვალში. მე ხაზს ვუსვამ, რომ ცხადია, ომის მომხრე არ ვარ და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს ვალდებულება აღებული სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც სრულიად საკმარისია და ამიხსენით, რატომ უნდა „მოვუჩლიქოთ ენა?! „წყლის სიღრმე ერთდროულად ორივე ფეხით ხომ არ უნდა გავზომოთ“?! როდესაც ნაბიჯს ვდგამთ, ხომ უნდა ვიცოდეთ რა შედეგი მოჰყვება? და რა მივიღეთ გარდა დამცირებისა?!
რაც შეეხება რუსეთს, 20 წელია, ეს გვესმის. მეორე - რომელ ქვეყანაში შესრულდა რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები დადებითად საქართველოს ჩათვლით? მე ვერ ვიხსენებ და იქნებ მხოლოდ ერთი მაგალითი მოგვიყვანონ!
- გვახსოვს აფხაზეთიც, რუსეთის როლი და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება...
- ყველა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დასრულდა ჩვენი ჯარების უკუქცევით და რაღაც ტერიტორიების დაკარგვით...
ყველა მომენტში დაწყებული გაგრიდან, ყველა ხელშეკრულებით ჩვენ დავთმეთ რაღაც ამ ომში - სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ოპერატიული თუ სტრატეგიული ნაბიჯები იქნა უკან გადადგმული. ერთი ხელშეკრულების შემდეგ დავკარგეთ გაგრა; მეორე ხელშეკრულების შემდეგ ვერ მოვახერხეთ დამარცხებული მოწინააღმდეგის ზურგზე სოხუმიდან გადავსულიყავით გუმისთაზე; მესამე ხელშეკრულების შემდეგ მოხდა „ტამიშის დესანტი“; მეოთხე შეთანხმების შემდეგ სოხუმი დავკარგეთ. მეტი რა უნდა მომხდარიყო? ლოგიკური ჯაჭვში ხომ ყველაფერში ჩანს?!
მაგალითისთვის: რუსები სამშვიდობოებად აზერბაიჯანელებმა არ ჩააყენეს ყარაბაღის საზღვარზე. რატომ? დღეს ყარაბაღი აზერბაიჯანისაა. გაიჭირვეს 30 წელი და სწორადაც მოიქცნენ! რუსები რომ არ ჩამდგარიყვნენ აფხაზეთში, მერწმუნეთ, აფხაზებს არ ეყოფოდათ ძალა, ამხელა ადმინისტრაციული ხაზი ეკონტროლებინათ. ოსებზე აღარაფერს ვამბობ - საბჭოთა კავშირის დროს 30 000 იყვნენ, რუსების ვითომდა „სამშვიდობოებით“ წყდებოდა იქ ყველაფერი.
- მათ როლსაც ხედავენ საქართველოს მოქალაქეები - სულ ახლახანს თამაზ გუნტური მოგვიკლეს...
- როგორც არ უნდა შეგშურდეს ებრაელების, ვიღაც ცივსისხლიანი მკვლელი კანჯი - ოღლი [ხურჩაში მოკლა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია] ვერ მიგვიცია პასუხისგებაში!
- საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი გურწიევი „დააწინაურეს“...
- ეს ცინიზმია და ვაძლევთ საშუალებას, კიდევ უფრო ცინიკურად მოიქცნენ!
„თავზე ნაცარს“ ვიყრით. რუსეთის ჩარევა ვითომდა „სამშვიდობო პროცესში“ იქნება საერთოდ დამღუპველი და ამ ტერიტორიების „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ გამაფორმებელი! რუსეთის ჩართვა იქნება შემდგომში მისი ინტერესების კავკასიის რეგიონში გატარების მცდელობა იმ პირობებში, როდესაც კარგავს გავლენებს სომხეთში, აზერბაიჯანის პოზიციები ძალიან მტკიცეა თურქეთის მხარდაჭერით. ამ ვითარებაში ეს იქნება მცდელობა, რუსებს მივცეთ კიდევ ერთი შანსი, თავიანთი ინტერესების გატარებას შეეცადონ იმ არეალში, სადაც თურქეთი ძლიერად იკიდებს ფეხს, ხოლო თავად ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტებს კარგავს.
და სანაცვლოდ რას გააკეთებს რუსეთი? განზე გადგება, ჯარებს გაიყვანს, ქართველებს ეტყვის - დაელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებსო? ცხადია არა!.
- ამასთან, რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსს მოვხსნით, რასაც ცდილობდა მთელი ამ წლების განმავლობაში და პროცესს საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიჰყვება...
- აქ ყოფნის სტატუსი ექნება - „მშვიდობისმყოფელის“, გაზრდის თავის კონტინგენტს. თავიდანვე ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ცხინვალში სამშვიდობო დანაყოფში ორი მხარე კი არ იყო, იყო ქართული, რუსული და ოსური. რუსული და ოსური რამდენად ნეიტრალური იქნებოდა (თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე) გასაგებია არა?!
ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რუსები შემოვიყვანოთ მომლაპარაკებლებად!
- ამ ფონზე, მოცემულობაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების გარემო მოწყვლადია, უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობა პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან. ეს ვითარება რა პერსპექტივად უქადის ან რის იმედად ტოვებს ქვეყანას?
- გამიჭირდება თქმა, რისი იმედი შეიძლება იყოს ამ პირობებში. თუ არა ევროპა, არა ამერიკა, ვის იმედზე უნდა ვიყოთ?!
- ჩინეთი? რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოს მთავრობამ.
- არასერიოზულია! ჩინეთი კავკასიის რეგიონში რუსეთის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს. ამასთან, ის თავის კონტინგენტს არსად გზავნის. ეკონომიკურად შედის იქ, სადაც ეს მას სჭირდება, აქვს თავისი ეკონომიკური ბერკეტები და იყენებს.
პირობითად ვამბობ, რატომ უნდა იყოს მედიატორი ჩვენსა და აფხაზებს შორის რუსეთი და რატომ არ უნდა იყოს თურქეთი, სადაც უზარმაზარი აფხაზური დიასპორაა ან აზერბაიჯანი?!
- მახსენდება მმართველი გუნდის ლოზუნგი „ღირსებით“ სიარულზე. არის ეს პროცესი რომელიმე მიმართულებით „ღირსებით“ სვლა?
- არაფერი ღირსებისმაგვარი არ იყო „ბოდიში“. ვიმეორებ, ბოდიშის მოხდა გასაგებია, როდესაც მართლა დამნაშავე ხარ, საქმე ეხება სამხედრო დანაშაულს! აფხაზეთის ომი შეისწავლონ! კოდორის ხეობაზე გადმოტარებულ მოსახლეობას როგორ უნდა ჩახედონ თვალებში?! იგივე შინდისის გმირების ოჯახებს როგორ უნდა უთხრა მსგავსი რამ! 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხინვალის მხრიდან მუდმივი საარტილერიო დარტყმები რომ იყო სოფლებზე, ტერაქტები... ამაზე ბოდიშს როდისთვის ველოდოთ?
- თქვენს ირგვლივ ბევრი აღაშფოთაშფოთა „ბოდიშის“ წინადადებამ?
- ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილი მე არავინ მინახავს!