მოსკოვი: "რუსეთის გარეშე, დამოუკიდებლად აფხაზეთი ვერ იარსებებს"

01-10-2024 10:43:23 კონფლიქტები ,პოლიტიკა

მოსკოვი ღიად უცხადებს "ურჩ" სოხუმს, რომ "რუსეთის გარეშე, დამოუკიდებლად აფხაზეთი ვერ იარსებებს". შესაბამისი განცხადება სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მოისმინა მათი არგუმენტები, რატომაა აფხაზეთისთვის საზიანო რუსი "სტრატეგიული პარტნიორის" მიერ შემოთავაზებული მთელი რიგი კანონები.

საპასუხოდ ზატულინმა მოუწოდა ოპოზიციონერებს, "შეინარჩუნონ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები", რადგან "რუსეთის გარეშე, დამოუკიდებლად აფხაზეთი უბრალოდ ვერ იარსებებს".

ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონს რუსეთთან "ღია ურთიერთობები უნდა ჰქონდეს".

"მესმის, რომ არსებობს შიდა პოლიტიკური ბრძოლა, იგი არავის და არსად გაუუქმებია - არც აფხაზეთში, არც რუსეთში, არც აშშ-ში... და, რაღა თქმა უნდა, ოპოზიციას მოქმედი ხელისუფლების მიმართ გააჩნია საკუთარი პრეტენზიები, ხელისუფლებას კი - ოპოზიციისადმი. მე ასევე პატივს ვცემ აფხაზეთის მოქალაქეთა უფლებას, თავად აირჩიონ, რომელი სჯობს. <> მაგრამ ჩემი დიდი თხოვნაა, მოდით, შევინარჩუნოთ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები, რადგან უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული და თქვენც გარწმუნებთ, რომ რუსეთის გარეშე, რუსული დახმარების გარეშე დამოუკიდებელი აფხაზეთი უბრალოდ ვერ იარსებებს. შესაბამისად, აფხაზურ შიდა პოლიტიკაში მთავარია, არავინ შეეხოს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს. ზოგიერთი საკითხის შიდა პოლიტიკურ ჭრილში შეტანა დაუშვებელია, რადგან ეს აფხაზეთს ძალიან ძვირი დაუჯდება... ნახეთ, რა მოიტანა მსგავსმა მცდელობებმა? - რუსეთის მხრიდან ფინანსური შეზღუდვები, ტრანშების გაყინვა... ვისურვებდი, რომ ეს ვითარება რაც შეიძლება, მალე დაიძლიოს" - განუცხადა აფხაზ ოპოზიციონერებს ზატულინმა.

იხილეთ ასევე: ზატულინი: „ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები