24-09-2024 13:47:11 კონფლიქტები ,პოლიტიკა
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ შესწირავენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას",- განუცხადა Gazeta.Ru-ს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა.
მისი თქმით, თბილისი კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს შეიძლება იმედი ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს", - განაცხადა ზატულინმა.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში გაააქტიურა კონფლიქტების თემა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაადანაშაულა 2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში, არ მოიხსენიებს რუსეთს, როგორც აგრესორს. ამასთან, საზოგადოებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობის მოტივად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სთავაზობს.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ამ განცხადებას თბილისში, გორსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ზაზა ფირალიშვილი: დღეს ჩვენ რუსული ოცნების განხორციელების მცდელობას ვხედავთ!