მოსკოვი სოხუმს აფხაზეთის "საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დახმარებას" ჰპირდება
04/10/2024 12:33:10 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს "რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დახმარებას" ჰპირდება. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა დღეს აფხაზ "კოლეგასთან" - დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ახლადდანიშნულ სერგეი შამბასთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მან აფხაზ სტუმარს "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა, რომელიც სოხუმში 30 სექტემბერს აღნიშნეს და განაცხადა:
"ორმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, მტკიცედ გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ისე რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში.
ამ კონტექსტში რუსეთის პირველმა დიპლომატმა სირიასა და ნიკარაგუაში "რუსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიური მისიების ყოველდღიურ კოორდინაციას" გაუსვა ხაზი და აღნიშნა:
"ვინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან მიმართებაში და აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებებზე, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეალობის აღიარების საფუძველზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ჩათვლით".
თუმცა საპასუხოდ მოსკოვი სოხუმისგან სრულ მორჩილებას მოითხოვს და რუსეთის მიერ ინიცირებული მთელი რიგი ანექსიური კანონების ამ დრომდე არმიღებაზე მიუთითებს:
"მისასალმებელია, რომ აფხაზურმა პარამენტმა ამასწინათ მოახერხა, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საქმეებზე საარბიტრაჟო და სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოედინა. ვიმედოვნებთ, დარჩენილი პროექტებიც უმოკლეს ვადებში იქნება შეთანხმებული".
ცნობისთვის: ოკუპირებული რეგიონის ანექსიაზე მიმართული რიგი კანონებისა და ორმხრივი შეთანხმებების არმიღება-არრატიფიცირების გამო რუსეთმა 1 სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა და ზამთრის სეზონზე ელექნტოენერგიის საშეღავათო ფასად მიწოდების გადაწყვეტილების გაუქმებით დაემუქრა.
იხილეთ ასევე: შახი და მატი აფხაზეთს: როგორ მიჰყავს რუსეთს პარტია გარდაუვალი გამარჯვებისკენ
დღესვე, დღის პირველ ნახევარში ლავროვი ოს "კოლეგა" ახსარ ჯიოევს შეხვდა, მოგვიანებით კი უკვე სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი ლავროვის, ჯიოევისა და შამბას მონაწილეობით.
"რუსეთი გააგრძელებს ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში, მათი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს - წინ, რადგან 2008 წელს მიღებული [ცხინვალისა და სოხუმის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების - რედ.] გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებაება" - განაცხადა ლავროვმა ჯიოევთან დღევანდელ შეხვედრაზე.
ცნობისთვის: ამასწინათ ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი "ნზადაა, საქართველოს მეზობელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაში დაეხმაროს". მიუხედავად იმისა, რომ ამ ცინიკურ განცხადებაში ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი "საქართველოს მეზობლებად" მოიხსენია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ, მმართველი პარტიის გენმდივანმა კახი კალაძემ ლავროვის ნათქვამი "პოზიტიურად" შეაფასა, შეეცადა, მოსკოვის პოზიციაში ერთგვარ ცვლილებად წარმოეჩინა და განაცხადა, რომ "ახლა დროა, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, მაგალითად, დაიწყოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავება". თუმცა სოხუმმაც, ცხინვალმაც და მოსკოვმაც "ოცნების" ამ უსაფუძვლო წინასაარჩევნო პროპაგანდისტულ ნარატივს მკვახედ უპასუხეს - რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების უკან გაწვევას არ აპირებს, არც ჯარების გაყვანას გეგმავს - პირიქით, მოუწოდებს თბილისს, "თუ შერიგება სურს, მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობა აღიაროს და მათთან თავდაუსხმელობის ორმხრივი, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები გააფორმოს".
იხილეთ ასევე: მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს