
ვინ და როდიდან შეძლებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას
05/02/2020 10:31:46 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია.
გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი [6 თვე] ბინადრობის უფლების მისაღებად გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო, მის მისაღებად კი - რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა… გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ, ორი წელი უნდა იყოს.
ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია, თუ გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლაც. პროფესიული განათლების კურსების გასავლელად საჭიროა გერმანული ენის მინიმუმ, B1-დონეზე ცოდნის დადასტურება, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე, ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ, 10 საათი.
კვირაში 10 საათით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი გერმანიის საელჩოს აცნობებთ, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ. ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ.
„გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუკი სამუშაო ადგილი გერმანიაში უკვე იპოვეთ და თქვენი კვალიფიკაციაც დადასტურებულია, საელჩოს ან საკონსულოს პირველი მარტიდან დაჩქარებული ვიზის მოთხოვნით შეგიძლიათ, მიმართოთ. ამ შემთხვევაში ვიზას სამ კვირაში მიიღებთ. ვიზის საფასური 75 ევროა.
2020 წლის პირველი მარტიდან გერმანიაში ძალაში უნდა შევიდეს კანონი მიგრაციის შესახებ, რომლის მიზანს გერმანიის სამუშაო ბაზრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
როგორც „აქცენტს“ გერმანიაში საქართველო ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განუცხადა, კანონი ითვალისწინებს ე. წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიის სამუშაო ბაზარზე წვდომის გამარტივებას. ევროკავშირის არაწევრი, ე. წ. მესამე ქვეყნებიდან გერმანიაში დასაქმების წინაპირობა გერმანიაში პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება იქნება. კვალიფიკაციის აღიარების შემთხვევაში ე. წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმუშავონ ნებისმიერი პროფესიით. აქამდე არსებული შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებზე ახალი კანონმდებლობით გაუქმებულია.
„მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროს სპეციალისტები შეძლებენ, დასაქმდნენ გერმანიაში კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. მათ მოეთხოვებათ მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და დასაქმების მომენტისთვის არსებული გარკვეული შემოსავლის ჩვენება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გერმანიაში აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა შესაბამის პროფესიაში პარალელურად დასაქმების საშუალებასაც. გერმანიის მთავრობამ შექმნა პორტალი „Make it in Germany“, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ვაკანსიები იმ სფეროებში, რომლებშიც კვალიფიცირებული მუშახელის დეფიციტია", – განაცხადა ხოკრიშვილმა.