09-10-2024 13:04:28 ციტატა
"ქართული ოცნების" გენმდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან.
„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
მოგვიანებით, გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ".
თავდაპირველად პარლამენტში მომზადებული იყო 7 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის პროექტი, საბოლოოდ კი ერთობლივი პროექტი შეთანხმდა „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP), „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe), მწვანეებისა (Verts/ALE) და „სოციალ-დემოკრატების“ (S&D) პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.
720 პარლამენტარიდან 187 EPP-ის წევრია, 136 - S&D–ის, 77 – Renew Europe–ის, 78 – ECR–ის და 53 – Verts/ALE–ის.
ევროპარლამენტი 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რეზოლუციას. კენჭისყრაზე შესაძლოა, ტექსტში შესწორებები შევიდეს.
დოკუმენტის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".
ამავე თემაზე: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: "მოველით, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას"