Accentnews.ge
პუტინმა უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქეზე განავრცო

პუტინმა უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქეზე განავრცო

10/10/2024 12:30:16 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის პირობები ქვეყნის ყველა მოქალაქეზე განავრცო, - იუწყება რუსული მედია.

თუ აქამდე რუსეთში 90 დღეზე მეტი ვადით შესვლა არ შეეძლოთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო ან შრომითი საქმიანობის მიზნით მიემართებოდნენ, 10 ოქტომბრიდან შეზღუდვა მათთვისაც მოხსნილია.

რუსული კანონის ახალი რედაქცია (პრეზიდენტის № 873 ბრძანებულება), რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შესულად ითვლება, აღარ შეიცავს შეზღუდვებსა და გამონაკლისებს მათთვის, ვისაც აქამდე რუსული ვიზა ესაჭიროებოდა.

ეს ნიშნავს, რომ 10 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეთა ზემოაღნიშნული კატეგორიები რუსეთში შესვლას შეძლებენ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოქმედი მოწმობებით (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო სამგზავრო ბარათი).

ცნობისთვის: გასული წლის 10 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის კუთხით 2019 წლიდან ცალმხრივად მოქმედი აკრძალვა გააუქმა, 15 მაისს კი გაამარტივა სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2000 წლიდან ასევე ცალმხრივად ჰქონდა შემოღებული.

რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას პუტინს სთხოვდნენ, კერძოდ, რუსეთში მცხოვრები კრემლისტი ქართველების პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენლები, ასევე რუსეთის ქართული დიასპორისა და "რუსეთის ქართული კულტურული ავტონომიის" ხელმძღვანელი დავით ცეხლაძე, რომელიც პუტინმა ამასწინათ მის ადმინისტრაციასთან მოქმედი "ეროვნებათაშორისი საბჭოს" შემადგენლობაში შეიყვანა.

2004 წელს ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაამარტივა: მათზე საქართველოს ვიზები ქვეყანაში შემოსვლისას - აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გაიცემოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, 2012 წელს ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი სრულად გაუუქმა. თუ საწყის ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ, სადღეისოდ ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S