ცხინვალის კვალდაკვალ დე-ფაქტო საზღვარს საარჩევნოდ სოხუმიც კეტავს

18-10-2024 15:49:10 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ენგურის ხიდზე გამავალი დე-ფაქტო საზღვარი 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს.

როგორც ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილება უკავშირდება "რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს, რომლებსაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შეიძლება, ჰქონდეს ადგილი".

დე-ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხებათ "ენერგოკომპანიების თანამშრომლებს, ასევე აფხაზური პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან".

თავად ბჟანიამ დღეს დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა და ძალოვან უწყებებს "საქართველოში საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საზღვრის კონტროლის გაძლიერება" დაავალა.

სხდომაზე განიხილეს ასევე "ქართულ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებული 16 ოქტომბრის ინციდენტი", რომელსაც დღესვე დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. მის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

"ეს იყო დაუფარავი პროვოკაცია საზღვრისპირა ზონაში ვითარების ესკალაციის მიზნით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეგულარული განცხადებების მიუხედავად, "მზად ვართ, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ყველა სადავო საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთო", რეალობაში საქართველოს მხრიდან გრძელდება სახელმწიფო საზღვარზე ვითარების დაძაბვის მცდელობები, რაც მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს".

აფხაზური მხარე გეგმავს, აღნიშნული ინციდენტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზეც დააყენოს.

ცნობისთვის: საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის განზრახვა რამდენიმე დღის წინ უკვე გამოაცხადა ცხინვალმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები