სოფო გელავა: ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას, ასეთ დროს ლეპტოპის ამოღება შეკითხვებს ბადებს

24-10-2024 16:15:41 პოლიტიკა ,სამართალი

„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი, მკვლევარი სოფო გელავა, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, აცხადებს, რომ "ლეპტოპის ამოღება შეკითხვებს ბადებს".

„ჩემთვის ეს დილა დაიწყო 08:30-ზე, როცა იყო კარზე კაკუნი და გამაცნეს თავი საგამოძიებო სამსახურიდან. თავიდანვე კარში გადმომცეს განჩინება სასამართლოსი პირად ჩხრეკაზე და ბინის ჩხრეკაზე. პირადი ჩხრეკის ფარგლებში დალუქეს ტელეფონი და შემდეგ უკვე გვქონდა კომუნიკაცია, რომ ბინაში ჩხრეკის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დავლოდებოდით ადვოკატს. არ იყო ამაზე ძალიან სასიამოვნო კომუნიკაცია, თუმცა ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში და იყო იძულება, რომ დავლოდებოდით ადვოკატს. მე მოვისმინე, რომ ეთო ბუზიაშვილთან შევიდნენ მოტყუებით და მოსთხოვეს სამსახურებრივი ჩანაწერების ჩვენება. ჩემთან ასეთი რამე არ ყოფილა, ყველაფერი იყო ნორმალური ფარგლებში, ადვოკატის თანდასწრებით მოხდა ჩხრეკა. ამოიღეს ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, ჩემი არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპი. ჩემთვის არ უთქვამთ რომ ეს რაღაც დიდის ნაწილია. ახლა მესმის მედიიდან, რომ ე.წ. ქოლცენტრებზე არის საუბარი. ჩემთან იყო საუბარი კომპანიაზე, რომელიც განჩინებაშიც ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ კომპანიაზე ესაა HR კომპანია, რომელიც დაქირავებული ყავს „ატლანტიკურ საბჭოს“, რომელთანაც მე ვმუშაობ და აგვარებს მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს. ჩვენ ამ კომპანიასთან სხვა კომუნიკაცია არ გვაქვს, რამე კომუნიკაცია და მიწერ-მოწერა არ მქონია. ამის იქით ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ესაა რაღაც დიდის ნაწილი და ამიტომ იყვნენ ჩემთან სახლში“, – ამბობს სოფო გელავა „ფორმულასთან“.

მკვლევრის განცხადებით, მისი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და ამის გათვალისწინებით მისი ლეპტოპის წაღება, გელავას თქმით, შეკითხვებს აჩენს.

„როგორც მე ვიცი, რომ ამ კომპანიასთან საერთოდ კავშირი არ მაქვს და არც „ქოლცენტრებთან“, დარწმუნებული ვარ, ასევე აქვთ ინფორმაცია, ვინაა დაკავშრებული მაქინაციებთან, ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩემი ლეპტოპი და ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და მავნე ინფორმაციის გავრცელებას, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც არის ოპოზიციური პარტიის წევრი, ეს ყველაფერი რომ ხდება არჩევნებამდე 3 დღით ადრე და ამავდროულად გვაქვს მიმდინარე კვლევა, რომ ეს ანტიდასავლური დეზინფორმაცია, თითქოს, დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ცდილობს აქ რევოლუციის მოწყობას, როცა ეს მიმდინარე კვლევა გვაქვს მე და ეთოს გამოსაქვეყნებელი, როცა ამ პროცესში ხდება ლეპტოპების ამოღება ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დროს, ბევრ შეკითხვას ბადებს და ბევრი საეჭვო გარემოება აქვს ზოგად კონტექსტში და პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით“, – ამბობს გელავა.

ცნობისთვის: დღეს თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

  • ფულის გათეთრება;
  • თაღლითობა;
  • გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.

საგამოძიებო სამსახური დილით ჩატარებულ ჩხრეკებს "ქოლცენტრებს" უკავშირებს.

"მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს", - ასე მიმართა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლებიც ჩხრეკის სერიის მიზეზით დაინტერესდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები