
არჩევნები, რომელიც გახარიამ ალიევს სასწრაფოდ მიულოცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არადემოკრატიულად სცნეს
11/02/2020 11:16:48 საგარეო პოლიტიკა
არჩევნები, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სასწრაფოდ მიულოცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არადემოკრატიულად სცნეს.
„აზერბაიჯანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს და ვერ ჩაითვლება მოსახლეობის თავისუფალი ნების გამომხატველად“ – აცხადებენ OSCE/ODIHR-ის, PACE–სა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
OSCE/ODIHR-ის მისიის კოორდინატორ არტურ გერასიმოვის განცხადებით კი, ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.
„დაფიქსირდა უამრავი დარღვევა როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმის დათვლის პროცესში“, – განაცხადა, თავის მხრივ, PACE–ს მისიის კოორდინატორმა ფრანკ შვაბემ.
ცნობისთვის: აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" 125–მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 ადგილი მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.
ოპოზიციური მედიის ცნობით, არჩევნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებზე იყო ე.წ. "კარუსელის", სხვა საარჩევნო დარღვევების, ასევე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები და მთელი რიგი სხვა სკანდალები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.