
ზურაბიშვილი: სჯობს, შეუდგეთ საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვათ, უცნაურად ემთხვევა მედვედევის მითითებებს
30/10/2024 15:26:25 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში საკუთარი ბრიფინგი ვიდეოკოლაჟის წარმოდგემით დაიწყო, რომელიც ეძღვნებოდა არჩევნებზე დაფიქსირებულ სხვადასხვა სახის დარღვევებს, მათ შორის, ხმის ფარულობის.
"აქ არის პირდაპირი კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება - პირდაპირ იკითხება, რგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო!",- ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი პრეზიდენტმა და ახსენა პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება.
"თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. ზოგადად ვიცოდი, რომ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანის თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. ასე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. არც ერთი პრეცედენტი არ ვიცი, საგამოძიებო უწყებამ პრეზიდენტს სთხოვოს არჩევნებზე მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლახანს ვუსმენდი ჯოზეფ ბორელს - მე მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულება მასაც გააჩნია. დარღვევების ჩამონათვალი, რაც დაფიქსირებულია მისიების მიერ, ზუსტად იგივეა",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან უცნაური უწოდა, რომ ცესკოს "წუხილის საფუძველზე სთხოვს პროკურატურა პრეზიდენტს მტკიცებულებებს":
"თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. რატომ დისკრედიტაცია, არ ვიცი, ეს არის ფატქები - ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია. საერთოდ, პროკურატურამ გამოიძიება უნდა დაიწყოს, რომ დარღვევები მოხდა იმ დღეს - ყველა მოქალაქეა ჩართული ამ მტკიცებულებების მოპოვებაში, არასამთავრობოები, დამკვირვებლები - უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე. ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ სისტემური დარღვევების, გაყალბების დადასტურებას, რომელიც ევალება ან პროკურატურას, ან საერთაშორისო გამოძიებას".
ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, - ამბობს პრეზიდენტი, "რომელსაც როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მასშტაბურ მრავალფეროვან გაყალბებას, რომელმაც მოიცვა ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა. ეს ჩამოთვალა სჯორედ ჯოზეფ ბორელმა: მოსყიდვა, ძალადობა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება, ხმის ფარულობის დარღევვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლის გამო, რაზეც საიას წინასწარ ჰქონდა შენიშვნა და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა. ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარელბული, არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა".
აქვე ახსენა ემიგრანტებისთვის შექმნილი პრობლემებიც და პროკურატურას მიმართა:
"ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. ხალხი ითხოვს თქვენგან მყისიერ გამოძიებას და არა ჩემგან მტკიცებულებებს. არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს - არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ არა".
პრეზიდენტმა თქვა, რომ ცესკო-ში შეტანილია 1100-ზე მეტი საჩივარი, 246 უბნის ბათილობის საკითხია დაყენებული, რაც 400 000 ამომრჩეველს ეხება - "პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს უშუალოდ შედეგებზე". ასევე საიას მოთხოვნა ფარულობის დარღვევის გამო 2 000-ზე მეტი უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.
"სჯობს, შეუდგეთ თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვათ. .ამ მომენტში, როდესცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, შეუძლია თუ არა ჩვენს პროკურატურას იყოს დამოკიდებელი, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. ასე რომ პროკურატურა შეუდგეს თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს",- თქვა პრეზიდენტმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021