Accentnews.ge
სალოცავთან ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

სალოცავთან ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

06/11/2024 07:09:35 კონფლიქტები, სამართალი, საზოგადოება

საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

„ეს ერთი წელი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი. საქართველოს ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩემი ძმის საქმეს არ იძიებენ. ჩემი აზრით, არ უნდათ გამოძიება და რუსების მოძულება, რადგან თვითონაც ნახევრად რუსები არიან.

ივანიშვილი ამბობს, რომ ოკუპანტებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელიო. აბა, მე მკითხოს, მაქვს ვინმესთან ჩემი ძმის მკვლელობის გამო ბოდიში მოსახდელი?! პირიქით, ოკუპანტები აქეთ უნდა გვეუბნებოდნენ ბოდიშს მთელ საქართველოს“, - ამბობს მოკლულის ძმა - გივი გინტური.

2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. მოგვიანებით, 9 ნოემბერს ის გაათავისუფლეს.

დოთიაშვილის მონათხრობის მიხედვით, მას და თამაზ გინტურს რუსმა ოკუპანტმა დამიზნებით ესროლა:

"ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი "ჯარისკაცი" მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე - არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი "ჯარისკაცი". ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება, გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც ასაკი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს "მესაზღვრე" საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო. [...] ეტყობა რაციაში დაუძახა ვინმემ, რა მოხდა არ ვიცი. მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა. გვესროდა ჯერ საბურავებში და შემდეგ იყო გამიზნული სროლა".

გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S