
მოსკოვმა თბილისს ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლების იდეა შესთავაზა
07/11/2024 17:19:23 კონფლიქტები, პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე რუსეთმა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებმა ფორმატისთვის ადგილის შეცვლის საკითხი ოფიციალურად დააყენეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან.
კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ მონაწილეებმა დაადასტურეს ამ ფორმატისადმი „საერთო ერთგულება“. ამასთან, რუსეთის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციებმა კვლავ დასვეს ჟენევის დისკუსიების „რეგულარული რაუნდების“ სხვა, „ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე გადატანის“ საკითხი. რუსეთი მიიჩნევს, რომ შვეიცარიამ ნეიტრალური სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც შეუერთდა უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე შემაჯამებელ ცნობაში საუბარი არ არის, მაგრამ როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის კომენტარიდან ირკვევა, რუსეთს ამგვარ "ნეიტრალურ" და "ყველასთვის მისაღებ" ქვეყნად ბელარუსი წარმოუდგენია - სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა; ამასთან, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო 2022 წელს თბილისის გვერდის ავლით ჩასული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, მოგვიანებით კი მინსკში საპასუხო ვიზიტით დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მიიღო.
მგალობრიშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებაზე ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა.
"მოლაპარაკებების დროს, მათი მხრიდან ასევე გაჟღერდა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლების იდეა, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ",- თქვა მგალობლიშვილმა.