
მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს
15/11/2024 15:29:46 კონფლიქტები, პოლიტიკა
მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს. შესაბამისი განცხადება ცოტა ხის წინ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს მეზობელ მეგობრულ აფხაზეთში, სადაც კვლავ გამწვავდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, არ ჩათვალეს შესაძლებლად კანოიერ ხელისუფლებასთან უთანხმოებების ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემაზე აგებული დიალოგის გზით მოგვარება და გასცდნენ კანონიერ ველს, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად რესპუბლიკაში წარმოიშვა კრიზისული ვითარება და ეს, განურჩევლად შედეგისა, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას. კერძოდ, ნათელია, რომ ამჟამინდელის მსგავსი სცენარები ხელს არ უწყობს უცხოური ინვესტიციების მიზიდვას, რომელიც რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი შეიძლებოდა, გამხდარიყო" - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე მტკიცებით, რუსული მხარე "აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლად იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება მხოოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოგვარდება".
"ამასთან, ბუნებრივია, განუხრელად უნდა იქნას დაცული აფხაზეთის კანონები, მათ შორის - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართულებით" - დასძინა ზახაროვამ.
რუსეთის იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც უკვე იმყოფებიან აფხაზეთში, მან "მომეტებული სიფრთხილისკენ, არეულობების ადგილებისთვის თავის არიდებისკენ, შესაძლებლობის შემთხვევაში კი ქვეყნის დატოვებისკენ" მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დღის მეორე ნახევრისთვის აფხაზურმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა "სამთავრობო" შენობების კომპლექსში შეაღწიეს და მთელს კომპლექსზე კონტროლის დამყარებას შეეცადნენ. ძალოვანთა ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა, - იუწყებიან ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაახლოებით ორი საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვა მზადყოფნა, ე.წ. საინვესტიციო საქმიანობის შესახებ მოსკოვის მიერ ინიცირებული შეთანხმება "პარლამენტიდან" გაიწვიოს.
"ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზების მიზნით მივიღეთ" - ნათქვამი იყო განცხადებაში.
თუმცა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები უკვე ბჟანიას "დაუყოვნებლივ უპირობო გადადგომას" მოითხოვენ.
თავად "პრეზიდენტმა" და "პრემიერმა" ე.წ. სამთავრობო შენობათა კომპლექსი მანამდე დატოვეს, სანამ ოპოზიციისა და მის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები მას ალყაში მოაქცევდნენ.
უფრო ადრე დე-ფაქტო პარლამენტთან მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, გაუშვეს გაზი, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფხაზურმა "პარლამენტმა" დღეს უარი თქვა 15 ნოემბრის დღის წესრიგის დამტკიცებაზე, რომელიც, მათ შორის, რუსეთთან "საივესტიციო საქმიანობის შესახებ" სადავო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მოიცავდა. დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც "სპიკერმა" ლაშა აშუბამ განმარტა, "დეპუტატთა ნაწილმა ამ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".
ამ განცხადებამდე აშუბას ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებოდნენ, რომლებიც ხსენებული შეთანხმების რატიფიცირების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებასა და ჩაგდებას მოითხოვდნენ.
აქციის დაწყებამდე, დილით ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგურ არძინბამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს ყველა იმ მწვავე საკითხის განხილვა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხში მღელვარებას იწვევს".
"თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას დაეკისრება - ზუსტად ისევე, როგორც წინა დღეების მოვლენებზე, როცა ოპოზიციონერი აქტივისტების დაუნდობელმა დაკავებამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მყისიერად დაძაბა".
ამასთან, არძინბამ აფხაზ ძალოვანებს მიმართა მოწოდებით, "გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება":
"ნუ მისცემთ პირადი გამდიდრების ჟინით შეპყრობილ ხელისუფლებას საშუალებას, გამოგიყენოთ ბრმა იარაღად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! გახსოვდეთ, რომ ფიცი არა ასლან ბჟანიასა და მისი ოლიგარქების, არამედ სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული! თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს არა იმ ვიწრო პოლიტიკური ელიტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც მზადაა, პირად კეთილდღეობას სამშობლო შესწიროს, არამედ ხალხისა და სამშობლოს ინტერესების უზრუნველყოფაზე!".
ცნობისთვის: აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვის მიერ ინიცირებულ "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულებას დიდ საფრთხედ განიხილავენ და თვლიან, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".
თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს". გარდა ამისა, რუსეთის მიმართ მზარდი კრიტიკული განწყობის ფონზე მოსკოვი დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, აფხაზური საზოგადოება დააბნიოს: სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები პერიოდულად ავრცელებენ ფეიქებს თითქოს საფრთხეს არა რუსი ალიგარქები წარმოადგენენ, არამედ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მესამე პირთა - რუსეთის მოქალაქეთა სახელით აფხაზეთში "ყველაფერ ფასეულის დაუფლებას ეცდება". საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს, პროცესები, მათ შორის რუსეთის ყოველი ანექსიური ნაბიჯი თვითდინებაზეა მიშვებული.