04-12-2024 13:35:36 საზოგადოება
პროევროპულ აქციებზე დაშავებულმა რამდენიმე მოქალაქემ დატოვა კლინიკა.
ისინი საუბრობენ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, დაშინების მცდელობაზე.
"მანქანაში თითო ჯერზე ალბათ ერთი-ორი პოლიციელი და ერთობლივად, ალბათ, თუ პოლიციელი... [გვცემდა], მაგრამ ვიდრე [პოლიციის] კორდონს მიღმა არ აღმოვჩნდი, მანამდე ცემის ფაქტი არ ყოფილა - კორდონს მიღმა დაიწყო მიზანმიმართული დაზიანება, ცემა, თან ცდილობდნენ, თავიანთი ჭკუით, დავეშინებინეთ, "კიდევ მოხვალ აქციებზეო? - იყო ცემა, შეურაცხყოფა და ა.შ.",- ყვება დაშავებული დემონსტანტი ირაკლი ფიფია მედიასთან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ.
ანალოგიური ისტორია აქვს კიდევ ერთ დემოსნტრანტს ნოდარ აროშიძეს, რომელმაც ასევე დატოვა კლინიკა. მასაც აღენიშნება დაზიანებები სახის არეში.
"აბსოლუტურად არაფერს ვაკეთებდით, არც კი გვეჭირა ხელში რამე...დაგვიჭირეს და გზაში რამდენიმე ეტაპად გრძელდებოდა ცემა...სხვადასხვა მანქანაში გადაჰყავხარ, ფურგონებში...თითო-თითო ავყავდით, გვცემდნენ...შემდეგ მეორე მანქანაში გადაჰყავხარ...არის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, სრული სადიზმი, ამას არაადამიანობა ჰქვია...მუდმივი ძახილი, "კიდევ გახვალ აქციაზე, კიდევ გააპროტესტებ?" - დაშინების მცდელობა.
როდესაც სახელმწიფო ასე უსწორდება, ყოველგვარ ფარგლებს მიღმაა. მათ არათუ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია, ადამიანად ყოფნის ლეგიტიმაცია არ აქვთ".
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 22 პირი დააკავა. ამდენად, დაკავებულთა რაოდენობა სამასს გადასცდა.
როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ თქვა, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთი პირი მოინახულა, რომელსაც დაზიანებები აქვს.
„18 წლის მუსიკოსი, დიჯეია. „ბილტმორთან“ წრეზე ალყაში მოგვაქციეს, წამაქციეს და მირტყესო. მერე მანქანასთან წამიყვანეს, იქ 3 ადამიანს ურტყამდნენ, რომ მორჩნენ, მერე ჩემზე გადმოვიდნენ. შემდეგ ერთი ადამიანი მოვიდა, "ჩემია ესო" თქვა და წამიყვანესო. თვალში სისხლჩაქცევები, ტანი დალურჯებული აქვს",- აცხადებს ადვოკატი.
პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესები მიმდინარეობს.
უფლებადამცველი: ჩვენთვისაც კი შოკისმომგვრელია, რასაც იზოლატორებში და საავადმყოფოებში ვხედავთ