Accentnews.ge
რა საქმე აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს თბილისში

რა საქმე აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს თბილისში

19/02/2020 07:15:15 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი სერგეი პშენიჩნი იმყოფება. წინასწარი ვარაუდი, რომ მისი ვიზიტის მიზანს მიმდინარე წლისთვის პრორუსული ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია წარმოადგენდა, ფაქტობრივად გამართლდა: საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში (საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილი შენობა) „საქართველოში რუსი თანამემამულეების გაერთიანებათა საკოორდინაციო საბჭოს“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, შეხვედრის მიზანს რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსების დანაწილება წარმოადგენდა პრორუსული ორგანიზაციების მიერ წელს საქართველოში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის. ამას პირად საუბრებში "მრავალეროვან საქართველოში კაზაკთა თემების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო სოციალურ–ეკონომიკური ცენტრის" ატამანი გელარ ბაქრაძეც ადასტურებს, რომელიც კოლეგების მუშაობით უკმაყოფილოა:

"დიასპორის მუშაობას არანაირი შედეგი არ მოაქვს. მოვალეობის შესრულება არავის სურს, უბრალოდ გაწვდილი ხელით დადიან მოსკოვში, აწვდიან არასწორ ინფორმაციას და იღებენ ფულს. გასულ წელს მათ 40 000 დოლარი მიიღეს, წელს რამდენი გამოიყოფა – არ ვიცი, ყველაფერს მალავენ. მიზნად რუსული დიასპორის უფლებების დაცვას ასახელებრნ, მაგრამ რად უნდა დაცვა, როცა საქართველოში ადამიანის უფლებები საკონსტიტუციო დონეზეა დაცული?!".

როგორც „ტვიტერში“ საბჭოს წარმომადგენლები წერენ, რიგით მე–5 კონფერენციაზე ორგანიზაციაში მიიღეს "საქართველოს დაღესტნური თემი“, „ევრაზიის ინსტიტუტი“ (ხელმძღვანელი - გულბაათ რცხილაძე, რომელმაც გასული წლის 9 მაისს თბილისში მსვლელობა "უკვდავი პოლკი" მოაწყო) და კავშირი „ისკრა“, აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, დამტკიცდა შემაჯამებელი რეზოლუცია.

ამასთან, მოსკოველმა სტუმარმა მოისმინა მოხსენება საქართველოში რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზების მიზნით გარული მუშაობის თაობაზე. მომხსენებელი გრიბოედოვის თეატრის წარმომადგენელი გახლდათ.

თავად კავშირის მტკიცებით, ღონისძიება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75–ე წლისთავს ეძღვნებოდა.

სერგეი პშენიჩნის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით "აქცენტი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: ორი დღის წინ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა.

იხილეთ ასევე: რას გვიმზადებს საარჩევნოდ კრემლი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S