„ყველაზე მძიმე დასკვნა საქართველოს ისტორიაში“ - OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს აფასებენ

20-12-2024 22:20:02 პოლიტიკა ,საზოგადოება

საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის დასკვნის არასწორად ინტერპრეტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ის ხაზს უსვამს, რომ მსგავსი კრიტიკული შინაარსის დასკვნა OSCE/ODIHR-ს საქართველოსთან მიმართებით არასდროს გამოუქვეყნებია.

"მთლიანად ამ დროკუმენტის შინაარსი განსხვავებულია იმისგან, რაც ირაკლი კობახიძემ წარმოუდგინა საზოგადოებას. მათ შორის, ფრაზა, რომელიც მან თქვა, რომ მთლიანი სულისკვეთება მიანიშნებს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში - ეს არ წერია ანგარიშში, ეს არის ინტერპრეტაციის მცდელობა. ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართვლოსთან მიმართებით არასდროს! ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, მათ შორის, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებს, ხმის ფარულობის დარღვევას. რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია ანგარიშში, მიანიშნებს, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა - რეკომენდაცია მიემართებას იმას, რომ ხმის ფარულობის საკითხი სისტემურად უნდა იყოს გადაწყვეტილი და გარანტიები ამის უნდა შეიქმნას, რომელიც ახლა არ არსებობს - ეს არის OSCE/ODIHR-ის დასკვნის ერთ-ერთი ეპიზოდი",- თქვა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, ჯამში ანგარიში ადასტურებს იმ დარღვევებს, რომლებზეც სადამკვირვებლო მისიები საუბრობდნენ და "ადასტურებს, რომ არჩევნები ვერ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას":

"დარღვევები ძალიან მრავალფეროანია, მათ შორის, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხები ისეა გარიტიკებული, როგორც ეს არასდროს ყოფილა მსგავს ანგარიშებში საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, პროცედურები, როგორც ეს მიმდინარეობდა - 24-საათიანი პროცესი გახსოვთ სააპელაციო სასამართლოში. მთლაინად ეს ანგარიში ასახავს რეალობას, რომელიც არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ საქართველოში იყო და ეს ადასტურებს იმ დარღვევებს, რომლებზეც სადამკვირვებლო მისიები მთელი ამ პერიოდოს განმავლობაში ვსაუბრობდით და ეს ადასტურებს, რომ არჩევნები ვერ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ფარულობის დარღვევას, სხვა დარღვევებს. OSCE/ODIHR-ს არ უთქვამს, რასაც ამბობს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურებტულ გარემოში და ის ასახავს ამომრჩევლის ნებას!".

დასკვნაში წრია, რომ „მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა მან.

კობახიძის მტკიცებით, OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული

OSCE/ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

შეფასებას იზიარებს „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველის:

„შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“.

„საქართველოსთვის“ წევრ ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, დასკვნა მკაცრია და ეს მოსალოდნელიც იყო:

  • „პირველად ოდირი ამ დასკვნაში, განსხვავებით ყველა სხვა დასკვნისგან, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გაუკეთებია, საუბრობს დასჯის შიშზე - რომ ამ შიშის გამო ადამიანებს არ ჰქონდათ თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და ეს შიშის ფაქტორი არსებობდა როგორც არჩევნების დღემდე, ისე არჩევნების დღეს;
  • პირველად ოდირი არ საუბრობს, განსხვავებით სხვა დასკვნებისგან, რაღაც ბრალდებებზე - საუბრობს დადასტურებულ ფაქტებზე. იცით რას ნიშნავს, როდესაც ოდირი ასეთ ენას იყენებს? იმ საარჩევნო დარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მტკიცებულებებით დასატურებულად მიიჩნევს;
  • პირველად ოდირი საუბრობს არა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებზე, არამედ დადასტურებულ მოსყიდვებზე - საუბარია მთელ რიგ სამთავრობო ინიციატივებზე, რომელსაც ეს ადამიანი გასცემდა, ახლა ხალხს რომ ატყუებს, მათ შორის, ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით;
  • ოდირის ამ დასკვნაში ვერ ვნახავთ სიტყვებს არჩევნების ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის ოდირის საქმე, მაგრამ ეს არის უმძიმესი დასკვნა, რომლის პირველივე წინადადება იწყება იმით (ესეც არ ყოფილა აქამდე), რომ საკანონმდებლო ჩარჩოზე იმ რუსულმა კანონმა, რომელიც მიიღეს, როგორი უარყოფითი გავლენა მოახდინა და როგორი დემოკრატიული უკუსვლა გვქონდა უკვე 26 ოქტომბრის მდგომარეობით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები