
შსს – PACE-ს ანგარიშზე, რომ დამკვირვებლების მანქანას საარჩევნო უბანთან საბურავი გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს: "დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება"
25/12/2024 08:17:45 სამართალი
საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დააზიანეს და მანქანა დააჯახეს.
განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება.
ასევე, სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული.
მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით", – აცხადებენ შსს–ში.
ცნობისთვის: PACE–ს ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.
- „დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა. [ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ნათქვამია ანგარიშში.