Accentnews.ge
ვინ დააპურებს იზოლირებულ ცხინვალს

ვინ დააპურებს იზოლირებულ ცხინვალს

20/02/2020 12:53:31 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასურსათო კრიზისის არსებობას არ აღიარებს, თუმცა ვეღარ მალავს, რომ რეგიონში უკვე საკვები პროდუქტების დეფიციტიც იგრძნობა. თავის მხრივ, თბილისი შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს და ცხინვალს ე.წ გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

პროდუქტების დეფიციტის პირველ დღეებში დე ფაქტო ხელისუფლება პრობლემის არსებობას კატეგორიულად უარყოფდა, ახლა კი უკვე არ მალავს, რომ რამდენიმე დღეში ის შესაძლოა, რეალობად ექცეს. შესაბამისი ცნობები ცხინვალის სახელისუფლებო მედიაში გაჩნდა.

„ცხინვალის სავაჭრო წერტილების დახლებზე რძის პროდუქტისა და ბავშვთა კვების მარაგები შეთხელდა. ილევა კვერცხის, ხაჭოს, რძის, არაჟნის,კეფირის მარაგი, ამბობენ ადგილობრივი მოვაჭრეები“, – წერენ ოსური საინფორმაციო სააგენტოები.

კრიზისის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის „საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ“ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებაა. „აქცენტი“ უკვე წერდა, რომ ოსი მეწარმეები ბოლო პერიოდში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დე ფაქტო ხელისუფლებისგან რუსეთთან პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.

„ბიზნესმენები უკმაყოფილოები არიან ტვირთების კონტროლის გამკაცრებით. მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საქონელი მცირე საბითუმო პარტიებით შეაქვთ, ითვალისწინებენ რა რესპუბლიკის გასაღების ბაზრის სიმცირეს.. ამასთან, თითოეულ დასახელებაში მათ 300 რუბლის გადახდა უწევთ, საბაჟო დეკლარაცია კი 8000 რუბლი უჯდებათ. ტვირთის ბროკერების შუამავლობით გაფორმება ასევე პრობლემურია, რადგან ეს უკანასკნელები მცირე პარტიებს არ აფორმებენ“, – წერს ოსური მედია.

დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუს კოლეგებთან პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს.

თავის მხრივ, საქართველოს მმართველ გუნდში თვლიან, რომ ცხინვალზე ცოტა რამ თუა დამოკიდებული.

„არც ოსები და არც სხვა რომელიმე ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს რუსეთისთვის რაიმე ინტერესს. ცხინვალის რეგიონი მოსკოვისთვის მხოლოდ სამხედრო ბაზაა და წერტილი. არ გვაქვს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს ვითარების გაჯანსაღება აინტერესებდეს. პირიქით, მისი პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომ ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და მეტი ადგილი დარჩეს სამხედრო პოლიგონებისთვის“, – აცახდებს „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით, შექმნილ ვითარებას სათანადო ყურადღება მიაქციოს.

ზურაბიშვილის მიმართვას ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან შეშფოთებული კომენტარები მოჰყვა.

„შექმნილი ვითარება გამშვები პუნქტების გახსნის მიზეზად უნდა იქცეს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

დე ფაქტო საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმაც:

"ცხინვალის რეგიონში რეალური ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება. მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ ზომების ერთობლიობა, რომელსაც მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი, პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რაც პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობაზე, მდგომარეობაზე და საჭიროებებზე: ის, რომ პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია, დეფიციტის გარდა, მედიკამენტების ამოღება მიმდინარეობს იმ ნიშნით, რომ მასზე ქართული წარწერებია". ​

ციხელაშვილის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება მუდმივ კავშირზეა საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის".

ოპოზიციური სპექტრი კი ამ საკითხში ორადაა გაყოფილი: ნაწილი მიიჩნევს, რომ ოფიციალური თბილისის აქტიურობა საკმარისი არ არის, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ქართულ მხარეზე ამ მომენტისთვის ცოტა რამაა დამოკიდებული.

„ჩემი აზრით, მოსკოვს სურს, მთელი კანონმდებლობა მის კანონებთან იყოს შესაბამისობაში, რათა მას სრული კონტროლის შესაძლებლობა მიეცეს. ერთის მხრივ, რუსეთს სურს, აჩვენოს, ვინაა იქ პატრონი და რომ ცხინვალი მის პოზიციებს უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო მეორეს მხრივ, სურს, ადგილობრივი საზოგადოება ამას არ აპროტესტებდეს. ვფიქრობ, კრემლში თვალს ადევნებენ იმას, რომ ეს ყველაფერი ანტირუსულ განწყობებში არ გადაიზარდოს, ამიტომაც, ჩემი აზრით, ერთ ხუთ დღეში, ან შესაძლოა უფრო ადრეც საკითხი დადებითად გადაწყდება“, – თვლის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

თავად ადგილობრივი მოსახლეობა კი ამასობაში შიშობს, რომ პრობლემის გადაჭრის გაჭიანურება სურსათზე ფასებს გაზრდის. „აქცენტს“ ახალგორის რაიონიდან მსგავსი ცნობები უკვე აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S