Accentnews.ge
გაერთიანებულ ოპოზიციაში მერაბიშვილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

გაერთიანებულ ოპოზიციაში მერაბიშვილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა

21/02/2020 13:06:46 პოლიტიკა

გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაესწროს თუ არა საპარტიმროდან ახლადგათავისუფლებული ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრებს.

„გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა.

„ვანო მერაბიშვილმა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გადაწყვიტა. იმავეს თუ ეთანხმება, რაზეც აქ [„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში] ხალხია შეკრებილი, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ? რადგანაც ვიღაცას არ მოსწონს?! ეს არ მესმის. ყველას, მათ შორის აქ მყოფ ხალხსაც არ მოგვწონს ერთმანეთი“,– აცხადებს ხვიჩია და დასძენს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე მერაბიშვილის შეხედულებები აინტერესებს:

„მართლა ძალიან მაინტერესებს ვანო მერაბიშვილის აზრი იმ კონკრეტულ შეხვედრაზე, რომელიც „გირჩის“ ოფისში იმართება: ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას. ვანო მერაბიშვილი მოხვდა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის სათავეში და ის კიდევ უფრო გააძლიერა. მისი აზრი მაინტერესებს მას მერე, რაც ექვსი წელი გამოიარა იმავე სისტემაში, რომლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მაინტერესებს, იგივე აზრზეა, თუ შეიცვალა პოზიცია რაღაც თვალსაზრისით და დღეს როგორ უყურებს საკუთარ ქმედებებს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ახორციელებდა სისტემის გასაძლიერებლად. შეხვედრაზეც მივიწვევ და შეხვედრის გარეთაც მაინტერესებს მისი აზრი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის: „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან არ აღმოჩნდება.

მისივე თქმით, "ხელისუფლებაზე მიმდინარე ზეწოლის პირობებში მმართველი გუნდი იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს და ამ ვითარებაში პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკების მაგიდასთან განხეთქილების შეტანას უნდა მოერიდონ".

ანალოგიური მოსაზრება აქვს დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასაც.

"კონსულტაციის რამდენიმე მონაწილისთვის ეს დისონანსის შემომტანი იქნება, მათ შორის - ჩემთვისაც. ამიტომ ახლა ამის დრო არაა",– განაცხადა ეკა ბესელიამ.

მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა. ის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S