
საქართველო იტალიასთან ავია–მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს
24/02/2020 09:56:59 საგარეო პოლიტიკა
საქართველო იტალიასთან ავია–მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
"იტალიასთან ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იგი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.
მსოფლიოში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი ადამიანი.
იხილეთ ასევე: საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს