30-01-2025 09:15:27 პოლიტიკა
"ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა.
„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.
რამდენიმე საათით ადრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.
რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის წევრებმა – თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს .
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ PACE-ის გადაწყვეტილება იყო „აბსოლუტურად აბსურდული“.
„თუ შეიცვლება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში დღეს მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.
მან ასევე თქვა, რომ „რაიმე არსებითი მნიშვნელობა [PACE-ის] დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის“.