10-02-2025 11:42:00 პოლიტიკა ,საზოგადოება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ „ვივამედში” პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი მოინახულა.
როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, დღეს მზია ამაღლობელს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის საფუძველზეც ექიმები გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა ის კლინიკაში, თუმცა თავად საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს.
„ის აგრძელებს სრულ შიმშილობას და რჩება [კლინიკაში] დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი - მოითხოვს, დააბრუნონ უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი, ამ შემთხვევაში - გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება.
მას როგორც უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის შედეგადაც ექიმები გადაწყვეტენ, ისევ აქ დატოვებენ, თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, ქურდოვანიძის განმარტებით, საია გეგმავს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გააგზავნოს.
„მზია ამაღლობელის საქმეზე, კერძოდ აღკვეთის ღონისძიების სახით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა, მისი გასაჩივრება უკვე შესაძლებელია ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.
მზია ამაღლობელი 30-ე დღეა, შიმშილობს. 7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა.
მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი - ექიმი მზია ამალობელზე