15-02-2025 19:47:41 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსახლეობის აქტივობის მაჩვენებელზე დაყრდნობით რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნები" შემდგარად გამოაცხადა.
როგორც რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ბრიფინგზე დე-ფაქტო ცსკ-ის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა განაცხადა, ადგილობრივი დროით 18:00 სთ-ისთვის ხმა ამომრჩეველთა 55%-ს (79019 ადამიანს), ჰქონდა მიცემული და შესაბამისად, "არჩევნები" შემდგარად ცხადდება.
მოსახლეობის აქტივობის კუთხით რაიონების მიხედვით შემდეგი მონაცემები გამოცხადდა:
სოხუმი - 22311 (51%),
გაგრის რაიონი - 14008 (61%),
გუდაუთის რაიონი - 15057 (50%),
სოხუმის რაიონი - 3307 (56%),
გულრიფშის რაიონი - 7106 (54%),
ოჩამჩირეს რაიონი - 9357 (57,5%),
ტყვარჩელის რაიონი - 2655 (46%),
გალის რაიონი - 1280 (64%).
აფხაზური საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებულად ცხადდება "პრეზიდენტობის" ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%+თუნდაც 1 ხმას მიიღებს.
რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნებზე" კენჭს სულ 5 კანდიდატი იყრის, რომელთაგან საკვანძოებად მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა ითვლებიან.
იხილეთ ასევე: აფხაზური „საპრეზიდენტო არჩევნები“: სოხუმი ირჩევს, მოსკოვმა კი არჩევანი უკვე გააკეთა