Accentnews.ge
ჭიაბერაშვილი: არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას

ჭიაბერაშვილი: არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას

18/02/2025 09:27:12 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ აპირებს "სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას".

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ კომისიის მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„რუსულმა რეჟიმმა პირველი დამასახელა სტალინურ სასამართლოზე გამოძახებულთა შორის. პატივია. რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტრრევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სამოქალაქო ომმა ვერ წაშალა სიტყვები "აღსრულდა ნება ქართველის ერისა...", ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტრრევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს.

2013 წელსვე, როდესაც ასევე აბსურდული „ბრალდებით“ დამაპატიმრეს და 9 თვე სასამართლოში მატარეს, ვიცოდი, რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე, მაგრამ არსად წავსულვარ. არც ახლა ვაპირებ. ჩემ მიმართ ახლანდელ, ასევე აბსურდულ „ბრალდებას“ პასუხი გაეცა 2004 წლის 6 მაისს. და პასუხი გაეცემა ისტორიით, რომელიც ახლა იწერება.

ამ სტალინური სასამართლოს ნიადაგის შექმნაში, სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდა არაა ჩართული. ყველა “ქოცი=ნაცი” ტიპის "მესიჯი", თუნდაც ხუმრობით დაწერილი “ფბ-ზე”, ასევე ემსახურება რეჟიმის მიერ ისტორიის გადაწერას. სხვა რომ არაფერი მომხდარიყო 2004-2012 წლებში, მხოლოდ აჭარის რუსული მარწუხებისაგან გათავისუფლება და აჭარაზე ქართული სუვერენიტეტის მშვიდობიანი აღდგენა იკმარებდა ვარდების რევოლუციის ღირსებად. „ესენი იმათზე უარესები არიან“ და მსგავს შემადარებელ "მესიჯებს" მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ნეგატივის მორევში უკვე 12 წელია და აცოცხლებს რეჟიმის პროპაგანდას.

არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს „პარლამენტი“ არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე -იურე რღვევა გარდაუვალია.

სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც 37-ე და 33-ე დღეა შიმშილობენ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ახობაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძესა და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს. როდესაც აღარ მოგვერიდება პოლიტპატიმრების პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიის მიხედვით დახარისხება და საჯაროდ ხსენება, მაშინ ვიქნებით საკმარის მორალურ სიმაღლეზე, რომ რეჟიმი ჩვენს ფეხებთან დაიმსხვრეს. ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას! საქართველო გაიმარჯვებს!”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მიწვეული არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. საგამოძიებო კომისიის მომავალი სხდომა 21 თებერვალს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

თეა წულუკიანის თქმით, სხდომის ძირითადი თემა 2003-2012 წლების პერიოდში საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. ნათია მოგელაძე აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ლევან გაჩეჩილაძე კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური ერთობის საერთო კანდიდატი იყო.

"საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს - როდესაც კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე. [...] მოვიდნენ ღირსეულად, წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არის ძალიან მკაცრი, მე ამაზე მეტს არ ვამბობ არაფერს, რომ არ გააფორმოს ვინმემ მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება",- თქვა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S