არა ნიღბები, არამედ პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა: რას გვირჩევენ უცხოელი ექსპერტები

27-02-2020 10:25:02 მსოფლიო

სახის ჩვეულებრივ - ქირურგიულ ნიღბებს ადამიანის ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაცვა არ შეუძლიათ. ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, მისგან დასაცავად უფრო სქელი და სახეზე მჭიდროდ მიკრული ნიღბებია საჭირო, როგორიცაა, მაგალითად, N95 რესპირატორის ტიპის ნიღაბი: იგი ორგანიზმზე სხვადასხვა ნაწილაკების ზემოქმედებას ჰაერის 95 პროცენტის გაფილტვრით ამცირებს. თუმცა საჯაროდ ამ ნიღბების გამოყენება ჯერ კიდევ არ არის რეკომენდებული.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯეიკ დანინგის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომელთა გათვალისწინებითაც სახის ნიღბის ტარება არაეფექტურია:

„საერთოდ, მომხმარებელმა სახის ნიღაბი სწორად უნდა გამოიყენოს, ხშირად უნდა იცვალოს, სწორად მოიხსნას და ურნაში უსაფრთხოდ მოათავსოს. ეს ყველაფერი ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვით უნდა გაკეთდეს, რათა ნიღბის გამოყენება ეფექტური იყოს. თუმცა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ნიღაბს ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით არ იყენებს".

„ზოგადად, ნიღბის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია თავად ინფიცირებულის მიერ, რათა ვირუსი სხვას არ გადასდოს“, – აცხადებს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის კოლეჯის პროფესორი ჯიმი ვითვორსი.

ამასთან, როგორც ბრიტანელი, ისე ამერიკელი ექსპერტები ამ დროისთვის თვლიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანის სხეულში თვალის ლორწოვანი გარსიდან ხვდება. აქედან გამომდინარე, მათ თავდაცვის გზად ხელების ხშირი ბანა, დაბინძურებული ხელის თვალთან, პირთან, ცხვირთან არმიკარება და სნეული ადამიანისგან დისტანცირება მიაჩნიათ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვვა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს 50 წლამდე მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოში პირბადეების დეფიციტია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები