28-02-2025 16:33:19 პოლიტიკა
რუსი მკვლევარების შეფასებით, რუსეთის მიმართ საქართველოს "მეგობრულობის ხარისხი" იზრდება. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მოხსენებაში "პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობის რეიტინგი-2024".
რეიტინგში საქართველო, წინა წლის მსგავსად, "შედარებით მეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალშია შეყვანილი. ამასთან, წლის განმავლობაში მისი "მეგობრულობის" ხარისხი 3 ერთეულით - 12-დან 15-მდეა გაზრდილი.
რუსი მკვლევარების შეფასებით, რუსეთის მიმართ ყველაზე მეგობრული პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაა", რომელსაც ბელარუსი, აფხაზეთი, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, აზერბაიჯანი და სომხეთი მოსდევენ.
"არამეგობრულთა" სიაში კი ფიგურირებენ მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.
როგორც კვლევის თანაავტორი ვლადისლავ გასუმიანოვი აღნიშნავს, გაზრდილია რუსეთის მიმზიდველობა არა მარტო როგორც ეკონომიკური პარტნიორის, არამედ როგორც ლიდერი ქვეყნისა ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების კუთხით".
ცნობისთვის: 2024 წლის აპრილში რუსეთის ამ ინსტიტუტის ორგანიზებით თბილიში ჩატარდა დისკუსია თემაზე "ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი".
ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე, როგორც ოპოზიციური გაერთიანებები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულები არიან, რომ სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდი - "ქართული ოცნება" პრორუსულ კურსს ატარებს, ნაწილი კი თვლის, რომ იგი უკვე რუსულ კურსზეა გადასული. ამ კონტექსტში განიხილავენ ისინი "ოცნების" მიერ გასული წლის ნოემბრის ბოლოს ქვეყნის ევროინტეგრაციის ოფიციალურად შეჩერებასაც.
იხილეთ ასევე: პუტინი „დიდი ევრაზიის მაკრორეგიონის“ ჩამოყალიბებას გეგმავს, „ოცნება“ „მოვლენათა განვითარების მიხედვით“ აპირებს მოქმედებას