11-03-2025 12:44:16 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ "ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის თქმით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.
როგორც მან განაცხადა, "საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია". კერძოდ, პროკურორის ინფორმაციით, მათთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ სადახლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
თავად გიორგი ჩიკვაიძემ პროკურორის პასუხად თქვა, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ, 2024 წლის ივლისიდან იგი თბილისიდან არც გასულა, ხოლო 6-7 მარტს ის „სოფელ სართიჭალაში იყო, სადაც ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დროს დაუნათესავდა, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქარი – იონჯის თესლი მიუტანა და ერთ საათში უკან დაბრუნდა”.