
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდნენ, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ
28/02/2020 15:11:35 საგარეო პოლიტიკა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდნენ, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
"საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა;ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;
საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები:
რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას.რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, ან თვითიზოლაციის რეჟიმი) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ იგივე პროცედურები და წესები, რომლებიც ჩამოთვლილია ფიზიკური პირების ნაწილში (ნაწილი 1).საქართველოში დაშვებულია ნებისმიერი მესამე ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის მიმართულებით. არ არის დაშვებული მესამე ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის ტერიტორიიდან საქართველოში, ან მესამე ქვეყნებში".
ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.