
სააკაშვილი: ივანიშვილის რუსულმა კომბინატმა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა მომისაჯა
17/03/2025 09:13:08 პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალდებული კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად ერთვება. ამჯერად საუბარია "7 ნოემბრის საქმეზე". მანამდე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო სააკაშვილი და სასჯელიები შეუკრიბა. კერძოდ, უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.
"მინდა, გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენს თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და 1 პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი, მაგრამ მე მგონი, ასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.
ეს განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს",- თქვა სააკაშვილმა.