
ბარამიძე: ვარშალომიძის გასათავისუფლებლად ყაზახეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე აქტიურადაა ჩართული
18/03/2025 18:27:44 პოლიტიკა
ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძეს, რომელიც ყაზახეთში, რუსეთში აღძრული საქმის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული, ჰყავს ადვოკატი, საქმის კურსშია საქართველოს ელჩი ყაზახეთში და ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარეც, რათა არ მოხდეს ვარშალომიძის ექსტრადირება რუსეთში.
"ლევანს არ აქვს საშუალება პირადად გვეკონტაქტოს, აყვანილია კომპეტენტური ადვოკატი, ასევე, მინდა, მადლიერება გამოვხატო უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირების მიმართ, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ლევანის გასათავისუფლებლად, ამ უკანონობის და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, რათა მასთან მიმართებაში არ მოხდეს ის, რაც ძალიან შესაძლებელია - ექსტრადიცია განხორციელდეს ყაზახეთიდან რუსეთში. რადგან უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირები არიან ჩართულნი, მე იმედები გამიჩნდა, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა",- თქვა მან გადაცემა "რეაქციაში" და დასძინა, რომ საქართველოს საელჩოს მხრიდან აქტიურობის მოლოდინი არ აქვს.
მისი თქმით, რუსეთი ვარშალომიძეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ედავება, თუმცა როგორც ბარამიძე ამბობს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ვარშალომიძე "სხვა კუთხით ეხმარებოდა უკრაინას".