
„ადამიანის უფლებათა სახლი“ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს: "ანგარიშის დაყადაღება უკანონოა"
20/03/2025 09:45:21 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ აცხადებს, რომ "ანგარიშის დაყადაღება უკანონოა" და სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
"ეს არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველბზე. ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა, სოლიდარობა და ერთმანეთის სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი და ამაზე ვდგავართ ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანებისათვის ჯარიმების გადასახდელად შემოწირულებების მიღება „ადამიანის უფლებათა სახლმა“ „აგენტების კანონის“ ინიცირების პროცესში დაიწყო, „როცა არაპროპორციული ჯარიმების დაწესება დაიწყეს“.
"საქართველოს კანონმდებლობით სხვა პირისთვის ჯარიმის გადახდა აკრძალული არ არის. შესაბამისად, უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ეს ქმედება ბენეფიციარის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება და მისი უფლებების დაცვის საშუალებაა. ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკების“ შემოწირულება - სულ 300, 000 ლარი. ამჟამად, განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება.
ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.
მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. მოვუწოდებთ, სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მასში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციები არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „მედიის ინსტიტუტი“; „საფარი“; „უფლებები საქართველო“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).
ცნობისთვის: პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 17 მარტს რამდენიმე ორგანიზაციის (ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს