
„ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა - არ შეუძლია მოძრაობა" - ბესელია ჩიკვაიძის მონახულების შემდეგ
20/03/2025 12:19:43 პოლიტიკა
ადვოკატმა ეკა ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მონახულების შემდეგ, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა - ეტლით გადაადგილდება, არ შეუძლია მას ფიზიკურად მოძრაობა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე საგანგაშო ნიშანია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალებში აღწერა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ადამიანი ვერ დადის, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა, ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ, რატომ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება ყველაზე მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით: მისი დაკავება ისე მოხდა, რომ არანაირი სამხილი და მტკიცებულება არ არსებობს. ის ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებდა, აპირებს, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გააგრძელოს",- თქვა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ბრალდებულს ციხის ხელმძღვანელი დაპირდა, რომ მას დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანს. თუმცა, უფლებადამცველის თქმით, ეს საკმარისი არ არის და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს.