
ბრიტანელი დეპუტატი: რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა
20/03/2025 18:23:45 პოლიტიკა
"უზარმაზარი სკანდალი - საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლების განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა “კომერციული შეთქმულებისთვის”. [ირაკლი] რუხაძის და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს.
ამავე თემაზე: მაკკლირი: პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, ბრტანეთმა უნდა იმოქმედოს
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში და 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ 2025 წლის 19 მარტს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
სააპელაციომ კი განაჩენი 2023 წლის 21 მარტს გამოიტანა - და მანაც უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი. რუხაძესა და მის პარტნიორებს ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს დაეკისრათ ამ რაოდენობის თანხის კომპენსაციის გადახდა კომპანიების, Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. აქამდე კომპენსაციის ამ კომპანიებისათვის გადაცემა სასამართლოს მიერ შეჩერებული იყო.
ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული, თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა. ინფორმაცია ასევე გაავრცელა იურიდიულმა ფირმა A+ Consulting-მა, რომელიც რუხაძის ოპონენტებს წარმოადგენდა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Brown Rudnick-თან ერთად.
"საქმე ეხება პროცესებს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წელს გამოიტანა.
სასამართლოს თანახმად, რუხაძემ და პარტნიორებმა „კომერციული შეთქმულება“ მოაწყვეს.
ბადრი პატარკაციშვილის მილიარდობით ღირებულების აქტივს მართავდა კომპანია Salford Capital Partners International-ი (მოკლედ, - „სალფორდი“). რუხაძეც ამ კომპანიაში მუშაობდა და ჰქონდა ე.წ. „ფიდუციური ვალდებულებები“ მის წინაშე.
სასამართლოს თანახმად კი, რუხაძემ და პარტნიორებმა „სალფორდის“ მიერ დაფუძნებული კომპანიები - Recovery–ი და Revoker-ი - პატარკაციშვილის ოჯახისათვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოაშორეს და ეს პროცესი სანაცვლოდ თავიანთი დაარსებული Hunnewel Partners-ით განახორციელეს.
"Hunnewel Partners"–ი საქართველოში ფლობს „ლიბერთი ბანკს“, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, ასევე - „იმედსა“ და GDS-ს" , – იუწყება "რადიო თავისუფლება".