
წულუკიანი - 2008 წლის ომზე: თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება
31/03/2025 09:29:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში გრძელდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გამოკითხვა.
დღეს კომისია ესაუბრა ემზარ კვიციანს, რომელიც წლების წინ კოდორის ხეობაში გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“ ხელმძღვანელობდა.
გასაუბრების დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ემზარ კვიციანის საქმიანობა პოზიტიურად დაახასიათა "ხეობის გამაგრების" კუთხით.
„როდესაც ჩვენ ამ თემის [ომის] კვლევა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ 2004 წლიდან დაიწყო მიზანმიმართული ნგრევა იმისა, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია, რასაც ქართული ჯარი ჰქვია და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი - მიხეილ სააკაშვილი. 2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, დავადგინოთ და ფაქტებზე დაფუძნებულად ჩვენს დასკვნაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი, ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი. და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არა - ჩვენ?! თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი ნაბიჯი არ უნდა გადადგა ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც“, - თქვა თეა წულუკიანმა.