14-04-2025 16:46:17 პოლიტიკა
კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ "მოვა დრო, ახალი ერეკლე მეფეები რუსეთს მუხლზე ფორთხვით შეეხვეწებიან "შინ დაბრუნებას".
"1795 წელს თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, გაწყვიტეს თითქმის მთელი მოსახლეობა, რომელსაც აიძულებდნენ, ღვთისმშობლის გამოსახულებისთვის შეეფურთხებინა და ვინც უარს ამბობდა, არაადამიანურად აწამებდნენ. ამის შემდეგ მუხლზე მდგომმა ერეკლე მეფემ სათხოვარი შემოიტანა, დედა-რუსეთში მიგვეღო. და ვინ უჭერდა მხარს იმხანად მათ, ვინც თბილისში ქართველებს ჟლეტდა? - ბრიტანეთი! და არა მარტო მხარს უჭერდა - ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში, ბრიტანეთი ამარაგებდა იარაღით, წვრთნიდა, ხელფასებს უხდიდა სპარს სამხედროებს იმიტომ, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს აწარმოებდა რუსეთთან - გვეჯიბრებოდა, ვინ უფრო მაგარი იყო სამხრეთ მიწებზე. <…> ისინი თამაშობდნენ, ჩვენ კი ვიცავდით. და მათ წააგეს, ჩვენ კი ყველაფერი გამოგვივიდა. ჩვენ საქართველო შემოვიერთეთ. და თუ იქ ქართული ეთნოსის წარმომადგენლები სულ 50 000-ნი იყვნენ, <…> როცა თავისუფლებაზე გავუშვით, რომელიც ხეირიანად ვერ გამოიყენეს, უკვე მილიონი გახდნენ, რამდენიმე მილიონიც... არ მახსოვს, რამდენი იყვნენ, როცა სსრკ დაიშალა, მაგრამ 2 მილიონი ნამდვილად იქნებოდნენ.... საქართველო სსრკ-ში ისე ცხოვრობდა, როგორც სამოთხეში - რუსების დროს ყველა მეგობრულად ცხოვრობდა. ვერ მოასწრო სსრკ-მა დაშლა - და დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი, ოსებისა და ინგუშების კონფლიქტი, ტაჯიკეთის კონფლიქტი, სამოქალაქო ომი საქართველოში, აფხაზეთის ომი, ოსეთის კონფლიქტი, დნესტრისპირეთი <…> და რატომ არ ხდებოდა მსგავსი რამ რუსების დროს? - იმიტომ, რომ დედა-რუსეთი ყველას ამშვიდებდა, აწყნარებდა, კვებავდა.... ახლა დედა-რუსეთი ყველაფერს იბრუნებს. <…> და მერწმუნეთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უფლის დახმარებით მიმდინარე კონფლიქტი წელს დასრულდება და ვნახავთ, როგორ მუხლზე ფორთხვით შეეხვეწებიან ახალი ერეკლე მეფეები დედა-რუსეთს "შინ წაყვანას", — განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა და ცხადია, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ყველა კონფლიქტი სწორედ რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის შენარჩუნების ბერკეტების მოსაპოვებლად.
იხილეთ ასევე: ლუკაშენკომ "ოცნების" პირობებში საქართველო უკვე პუტინის ЕАЭС-ის წევრად იგულა
სიმონიანის განცხადებას ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების პასუხი მოჰყვა. ისინი კრემლსა და მასთან ერთად საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველ ძალას - "ქართულ ოცნებას" ისტორიის სათავისოდ გადაწერის მცდელობაში ადანაშაულებენ.
"ისტორიის გადაწერას აგრძელებს კრემლი "ოცნებასთან" ერთად. გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც 1783 წელს დაიდო, რუსეთმა დაარღვია. კრწანისის ომში პატარა კახი მარტო დატოვა. 1801 წელს ალყაშემორტყმულ სიონში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია გამოაცხადა. კობახიძემ კი მეფე ერეკლეს პორტრეტი არა როგორც მეომარი მეფის, არამედ როგორც რუსეთთან ტრაქტატის გამფორმებლის რანგში ჩამოკიდა კაბინეტში. ასე ცდილობენ რუსეთი და "ოცნება" ერთად, უკან - რუსულ წარსულში დააბრუნონ საქართველო, რომელიც 200-ზე მეტი წელია, იბრძვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი თეონა აქუბარდია.