ოპოზიციის ნაწილი: „ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას"; "უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!"

18-04-2025 18:45:54 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოცნება“ ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას". ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ "უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე გადასვლაა საჭირო".

"გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.

“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გახარია.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ოცნებამ" დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად".

"აბსოლუტურად ცხადია, რომ "ოცნებამ" დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის სჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ. ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს - პატრიოტიზმი თუ ვიზა. ამ ცრუდილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით! მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე! ნამდვილი დილემა ესაა - ან ვიშორებთ "ოცნებას", ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ "ოცნებას" და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!",- წერს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

„ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია და ქართველი ხალხი ამ მონაპოვარს ბოლომდე დაიცავს".

„ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების!“ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

“სტრატეგია - აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს".

“ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია - საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.

რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა კარგად იციან, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება და სწორედ ამას ემსახერება მათი გზავნილებიც", რომელიც ოპოზიციონერის თქმით, "ზიანის პრევენციული კონტროლია".

"ის მესიჯები, ის გზავნილები, რაც მოდის "ოცნების" წარმომადგენლებისგან, პირდაპირ არის ზიანის პრევენციული კონტროლი, იმიტომ რომ მათ იციან რა მოელის საქართველოს მათი რეჟიმის პირობებში, რომ არა თუ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყანა კიდევ უფრო გააღრმავებს ევროკავშირთან ურთიერთობებს და ინტეგრაციის გზაზე გააგრძელებს სვლას, არამედ საერთოდ უვიზოდ მიმოსვლის და თავისუფლად ვაჭრობის პერსპექტივაც აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში. ჩვენ უვიზოდ ვეღარ ვიმოგზაურებთ და ამიტომ აგუებენ საზოგადოებას, რომ მოუწევთ მათ მრავალსაათიან რიგებში დგომა. ქართველი ხალხი თვის მონაპოვარს არ დათმობს", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ შემდეგი განაცხადა:

"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები