18-04-2025 22:33:08 პოლიტიკა ,საზოგადოება
საერთაშორისო პარტნიორებმა სანქციები უნდა მიმართონ არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება, - ამის შესახებ ნათქვამია 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს“.
„ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ.
იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად.
მეორე მხრივ, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.
ჩვენი პოზიცია ნათელია - საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დასჭირდება.
დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი “ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის.
ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი! ეს არის საქართველოს მოქალაქეების რუსეთთან შეურიგებელი ბრძოლის, მრავალწლიანი უდიდესი შრომისა და დასავლური არჩევანის შედეგი და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ცნობისთვის: 17 აპრილს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ შემდეგი განაცხადა:
"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!".
პაპუაშვილმა თქვა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად... არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები“.