სახდეპი: „აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის“

25-04-2025 02:02:41 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, „აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“.

როგორც "აქცენტს" სახელმიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა, „შეერთებული შტატები 33 წელია, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“. ამასთან, აშშ-ის მთავრობის ახალი ადმინისტრაცია ინარჩუნებს წინა ადმინისტრაციის კრიტიკულ ტონს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

„აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი] ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მიერ "აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

აღსანიშნავია, რომ ჯეი დი ვენსის ეს სიტყვები საქართველოს არ უკავშირდებოდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი ციტატა სწორედ საქართველოსთან და „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან“ დაკავშირებით გამოიყენა.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მიმართ ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისათვის“, - დასძენენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეგახსენებთ: აშშ-ში ვიზიტით მყოფმა "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 24 აპრილს განაცხადა, რომ "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს, ასევე შეეხო გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები